ქარელის ერთ-ერთ სკოლაში, მე-7კლასის მოსწავლე გოგონასთან, რომელიც სპორტის პედაგოგს გარყვნილ ქმედებაში ადანაშაულებს, ფსიქოლოგები მუშაობენ.
"ბავშვის მიმართ შესაძლო გარყვნილი ქმედების საკითხის შესახებ სკოლამ მოიკვლია, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, მიმდინარეობს გამოძიება, დეტალები ჩემთვის უცნობია. ბავშვთან ფსიქოლოგები მუშაობენ,"-აცხადებენ ქარელის საგანმანათლებლო რესურსცენტრში.
"არასრულწლოვანთან ჩართულია ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაზარალებულთა დახმარების სააგენტო, მისი ინტერესების დასაცავად კეთდება ყველაფერი,"- აცხადებს პროფესიული ზედამხედველობისა და პროექტების დიზაინის სამმართველოს უფროსი ელენე მარტაშვილი.
მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე გარყვნილი ქმედების არ სჯერათ ქარელის იმ სკოლაში, სადაც გავრცელებული ინფორმაციით, ფაქტი მოხდა.
"რაღაც ყურის მოკვრით ვიცით, მაგრამ დეტალებში ვერ გეტყვით ვერაფერს. თუ ეს ნამდვილად მოხდა, საშინელებაა. ვიმედოვნებ, რომ სინამდვილეს არ შეესაბამება,"- აცხადებს სკოლის ერთ-ერთი პედაგოგი.
"კონფლიქტში არც ბავშვებთან შესულა, არც პედაგოგებთან. დადებითი პიროვნებაა, თუ მოხდებოდა გავიგებდით. თუ მოხდა ძალიან ცუდია, მაგრამ ამ პიროვნებაზე მაგ მხრივ ცუდს ვერაფერს ვიტყვი,"- ამბობს "კურიერთან" სკოლის პედაგოგი.