ბუქარესტის სამიტის დასკვნა უნდა გადაიხედოს და NATO-ს საქართველოსთან ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით უნდა შეიცვალოს. ამის შესახებ "ამერიკის ხმასთან" ინტერვიუში ამერიკელმა ანალიტიკოსმა უეს მიტჩელმა განაცხადა.
ევროპის საკითხებში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ფიქრობს, რომ NATO-ს მხრიდან საქართველოსთან ერთგვარი "საკონტროლო სიით" ურთიერთობა გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს.
მიტჩელის განმარტებით, NATO-მ პარტნიორებთან ურთერთობა არა ეტაპობრივად, არამედ ჯამურად უნდა შეაფასოს.
ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის 2030-ის სარეკომენდაციო ანგარიშის თანაავტორის განცხადებით, ნატოში უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს. საქართველომ და უკრაინამ კი საჭიროა თავის მხრივ დემოკრატიული მმართველობის მიმართ ერთგულების დემონსტრირება მკაფიოდ მოახდინონ.
"უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ. ის NATO-ს ახლო და ეფექტური პარტნიორია. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო NATO-ში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც NATO-ს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ის, რის გაკეთებაც საქართველოს და უკრაინას სჭირდება, ძირითადად შიდა მმართველობას უკავშირდება. მათ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ, ერთგულები არიან. საბოლოო ჯამში, NATO-ს და დასავლეთს მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს საქართველოსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ უფრო დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ,"- აცხადებს უეს მიტჩელი.