დღეს მსოფლიო ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. თარიღთან დაკავშირებით ევროკავშირი (EU), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობა (OHCHR) ერთად იწყებენ 2.5 მილიონი ევროს (3 მილიონი აშშ დოლარი) ღირებულების პროგრამას, "ადამიანის უფლებები ყველასთვის", რომელიც საქართველოში ადამიანის უფლებათა დაცვას ემსახურება.
"საქართველომ დიდ წარმატებას მიაღწია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციაში აღწერილი პრინციპების განხორციელების გზაზე. თუმცა, პანდემიამ ამ პროცესის სუსტი მხარეებიც გამოავლინა და დაგვანახა ის საფრთხე, რომელიც ადამიანის უფლებებს ემუქრება. ჩვენი ახალი პროგრამა პასუხს გასცემს ამ გამოწვევას და თავისუფლებისა და თანასწორობის ღირებულებებს პოსტ-პანდემიური აღდგენის ცენტრში დააყენებს,"- განაცხადა UNDP-ის ხელმძღვანელმა ლუიზა ვინტონმა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის კომუნიკაციების დარგის ატაშეს, მიკოლაი ბეკასიაკის განცხადებით, პროექტი იმუშავებს ისეთ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოები.
ევროკავშირი სიამაყით აცხადებს გაეროსთან ერთად საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვასთან დაკავშირებული ახალი ინიციატივის დაწყების შესახებ. ამ სამწლიანი პროექტის ბიუჯეტი 2.5 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი იმუშავებს ისეთ სახელმწიფო უწყებებთან, როგორიცაა საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებათა დაცვის სამდივნო, საქართველოს სახალხო დამცველი, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებთან, რათა უზრუნველვყოთ ადამიანის უფლებების დაცვა მთელი ქვეყნის მასშტაბით,"-განაცხადა მან.