ამ წუთებში საქალაქო სასამართლო ისნის საოლქო კომისიის თავმჯდომარის გარდაცვალების საქმეზე მსჯელობას იწყებს. პროცესზე გადაწყდება, შეეცვლებათ თუ არა აღკვეთი ღონისძიების ფორმა გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით დაკავებულ პირებს. ბრალდებულებს ქრთამის შეთავაზებაში, ჯგუფურად ჩადენილ იძულებასა და მუქარაში ადანაშაულებენ.
სხდომა აქციის ფონზე წარიმართება, სასამართლოს შენობასთან დაკავებულების ახლობლები და მხარდამჭერები შეიკრიბნენ. რამდენიმე წუთის წინ მცირე დაპირისპირება იყო ელენე ხოშტარიასა და სამართალდამცავებს შორის. "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი საქალაქო სასამართლოს შენობასთან მიახლოებას და სტიკერების გაკრობას ცდილობდა, რომლებზეც პოლიტპატიმრები არიან გამოსახულნი, რისი საშუალებაც მას სამართალდამცავებმა არ მისცეს.
"ნუ მეჭიდავებით, გადაადგილება მინდა. თქვენ დაიცავით წესრიგი და კანონი. გადაადგილების შეზღუდვის უფლება ვინ მოგცათ? ამის გეშინიათ? ილიჩოვასი გეშინიათ? კარგად შეხედეთ თვალებში. ამათ უნდა იცავდეთ თქვენ. არ გრცხვენიათ?" - მიმართა ელენე ხოშტარიამ სამართალდამცველებს.
დაკავებულის ოჯახის წევრებს მიაჩნიათ, რომ აკაკი ხუსკივაძე და აკაკი კობალაძე პოლიტპატიმრები არიან.
"ისინი არიან უსამართლო პატიმრები, რომლებსაც კობახიძემ გუშინ ბრიფინგზე და მანამდე ჯავახაძემ და სხვა პარტიულმა სახეებმა შეუფარდეს პატიმრობა, ჩვეულებრივ ბრალდებულებად აღიარეს, ჯერ კიდევ არ იცოდნენ საქმის არსი. ვამბობ ერთ რამეს, კობალაძეს ციხის არ ეშინია და არანაირად არ სჭირდება ციხიდან გამოყვანა ნებისმიერ ფასად. ის არის უდანაშაულო," - აცხადებს დაკავებულის ახლობელი.
სასამართლო პროცესი ონლაინ პროცესში მიმდინარეობს. მოსამართლე ქეთევან ჯაჭვლაძემ უნდა იმსჯელოს აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის შეცვლის საკითხზე.
დაკავებულების ადვოკატები კიდევ ერთ შუამდგომლობას აყენებენ და ითხოვენ, რომ საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე პროცესები ონლაინ არ ჩატარდეს და საქალაქო სასამართლოში გადმოინაცვლოს.
"ჩვენ მოვითხოვთ, რომ სხდომა ჩატარდეს სასამართლო დარბაზში უშუალობის და საჯაროების პრინციპის დაცვით. ეს არ არის იმ კატეგორიის საქმე, რომელიც უნდა იქნეს განხილული საზოგადოების ჩართულობის გარეშე. ეს არ არის იმ კატეგორიის საქმე, რომელზეც მოსამართლე ჩართავს რაღაცას, იქ დააწკაპებს ხელს, მიიღებს გადაწყვეტილებას და ამ ხალხს დატოვებს კვლავ პატიმრობაში. ეს არის ის საქმე, რომელზეც არის ძალიან მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი," - აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.