სტრასბურგის სასამართლომ 2006 წელს ნარკოტიკების ჩადების კიდევ ერთ საქმეზე ევროპული კონვენციის დარღვევა დაადგინა. მომჩივან ლავრენტი ბაქრაძის დავა შეეხებოდა 2006 წელს პოლიციის მიერ მისთვის ნარკოტიკების "ჩადებას“ და უკანონოდ განხორციელებული ჩხრეკის შედეგებზე დაფუძნებულ მსჯავრდებას.
როგორც ცნობილია, გვიან ღამით რამდენიმე პოლიციელი მის საცხოვრებელ სახლში ძალის გამოყენებით შეიჭრა და ჩხრეკის შედეგად სუბოტექსის ოცდაექვსნახევარი აბი იპოვნეს, ხოლო ორი აბი პირადად მომჩივანს აღმოუჩინეს.
შესაბამისად, ლავრენტი ბაქრაძეს მაშინ ბრალი ნარკოტიკული საშუალებების განსაკუთრებით დიდი ოდენობით შეძენა-შენახვის გამო წარედგინა. მიუხედავად ამისა, ის აცხადებდა, რომ პოლიციელებმა ის გათიშეს და გონზე მოსვლის შემდეგ შეატყობინეს, რომ ნარკოტიკი აღმოუჩინეს.
2006 წლის 23 ოქტომბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ მომჩივანი დამნაშავედ ცნო და თოთხმეტი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენი მხოლოდ ორი პოლიციელის ჩვენებას ემყარებოდა. იგივე გადაწყვეტილება გაიზიარა დანარჩენმა ორმა ინსტანციამაც. სტრასბურგის სასამართლომ კი მთავრობას მომჩივნის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღაურების სახით 5,000 ევროს გადახდა დააკისრა.