პროვოკაციაზე საუბრობენ თელავში სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. მათი თქმით, თეატრის წინ მოწყობილ კარავში რამდენიმე ადგილობრივმა პოლიციელების თანდასწრებით, ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და კარვის დანგრევით დაემუქრნენ, შემდეგ კი ფიზიკური დაპირისპირებაც სცადეს.
"4 მანქანით მოვიდნენ უცნობი ადამიანები, ჩემთან ჰქონდათ პირადად პრეტენზია, თითქოს მე ვთქვი, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის გამო მოხდა საქართველოს ოკუპაცია, ასეთი რაღაც მე არ მითქვამს, უბრალოდ, ეს იყო მათი საბაბი. შემდეგ გადავიდნენ დაპირისპირებაზე, სიტყვიერ შეურაცხყოფაზე და დაგვემუქრნენ, რომ კარავს ჩაუბამენ მანქანას, გაათრევენ," - განაცხადა სამოქალაქო აქტივისტმა რამაზ აივაზაშვილმა.
წაყენებულ ბრალდებას "კურიერთან" სატელეფონო საუბრის დროს უარყოფს ერთ-ერთი ადგილობრივი.
სამოქალაქო აქტივისტები თელავში უკვე ათზე მეტი დღეა კარავში ათენებენ ღამეს - ისინი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.