ეკონომიკის სამინისტრო წლიურ ანგარიშს აქვეყნებს- საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ "მთავრობის ანგარიში მოქალაქეებს" ფარგლებში 2020 წელს სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ პრეზენტაცია გამართა.
მინისტრმა ისაუბრა ქვეყნის მაკროეკონომიკურ მაჩვენებლებსა და სამომავლო პროგნოზებზე, ასევე ყურადღება გაამახვილა მნიშვნელოვან სტრუქტურულ რეფორმებსა და მათ ფარგლებში განხორციელებულ და სამომავლოდ დაგეგმილ აქტივობებზე, მათ შორის, ენერგეტიკის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, კომუნიკაციების, მშენებლობისა და სხვა სექტორების მიმართულებით.
მინისტრის წლიური ანგარიშის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო კოვიდ- 19- ის ეპიდემიის გავრცელებისა და მართვის პროცესებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მონაწილეობას, აგრეთვე, გადაწყვეტილებებს, რომელიც საქართველოს მთავრობის დავალებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ განახორციელა ანტიკრიზისული გეგმისა და მოქალაქეთა მხარდაჭერის ფარგლებში.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებითა და მთავრობის უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, ეპიდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით, განხორციელდა საკარანტინო სივრცეების მოწყობა. ამ დროისთვის, სპეციალურად გადამზადებული სასტუმროს პერსონალი მოემსახურა 133,767 ადამიანს. საკარანტინო სივრცეების პროექტში მონაწილეობა მიიღო 215 - მა სასტუმრომ, ხოლო დასაქმებულთა რაოდენობამ 3,620 შეადგინა.
გარდა ამისა, განხორციელდა 800-მდე ფრენა და საქართველოს 6,000-მდე მოქალაქის უსაფრთხო და ორგანიზებული ტრანსპორტირება.
საყოფაცხოვრებო პირბადეების წარმოების პროექტის ფარგლებში, რომელმაც პანდემიის გავრცელების პირველ თვეებში საქართველოს მოსახლეობა სრულად უზრუნველყო იმ დროისთვის დეფიციტური პირბადეებით, განხორციელდა 5,4 მლნ პირბადის წარმოება.
სამინისტროს ჩართულობით, თხევადი ჟანგბადის მწარმოებელმა კომპანიებმა თხევადი ჟანგბადის წარმოება 55 პროცენტით გაზარდეს. შესყიდულ იქნა 10 დანადგარი, რაც დღიურად 10 ტ. თხევადი ჟანგბადის შესაბამისი მოცულობის სამედიცინო ჟანგბადის წარმოებას უზრუნველყოფს.
საკოორდინაციო შტაბთან ერთად ოპერატიული და ტაქტიკური ამოცანების შესასრულებლად, შეიქმნა და ამუშავდა ელექტრონული მართვის რამდენიმე პლატფორმა. მათ შორის, ბიზნეს ვიზიტორების მართვის, ნაცვალგების შეთანხმების ქვეყნებიდან ვიზიტორთა წინასწარი რეგისტრაციის და პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ელექტრონული პლატფორმები.
მინისტრის ანგარიშში განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ბიზნესის მხარდაჭერაზე. მათ შორის, სახელმწიფო პროგრამის "აწარმოე საქართველოში" დაფინანსდა 78 ახალი პროექტი, დამტკიცებული სესხების მოცულობამ 96 მლნ ლარი, ხოლო ჯამურმა ინვესტიციამ 161 მლნ ლარი შეადგინა. მიკრო და მცირე მეწარმოების მხარდაჭერის საგრანტო პროგრამის ბიუჯეტი 40 მლნ ლარამდე გაიზარდა. საკრედიტო - საგარანტიო სქემის ფარგლებში შემოვიდა 121 პროექტი, ხოლო გარანტირებული სესხების მოცულობა 77,5 მლნ ლარია. თანდაფინანსების მექანიზმით მცირე, საშუალო და საოჯახო სასტუმრო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის დაფინანსდა 2199 პროექტი, ხოლო სუბსიდიის მოცულობამ შეადგინა 31 მლნ ლარი. სახელმწიფო პროგრამით "იპოთეკური კრედიტების მხარდაჭერის მექანიზმი" დამტკიცდა 6317 სესხი 614 მლნ ლარის ოდენობით, ხოლო ტურისტული კომპანიებისთვის საბანკო გარანტიის სუბსიდირების მექანიზმით ისარგებლა 33-მა ბენეფიციარმა, ხოლო გაცემული სუბსიდია 244 ათას ლარს შეადგენს.
ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში, ივენთ-კომპანიების მიერ კომერციული ბანკისგან მიღებული სესხის სუბსიდირების სქემით, სუბსიდირება გაეწევა საბანკო პორტფელს, რომელიც 10 მლნ ლარს შეადგენს. ასევე ამოქმედდა სარესტორნო ინდუსტრიის ხელშეწყობისთვის თანადაფინანსების მექანიზმი, რომლითაც დაფინანსდება 1,500 ორგანიზაცია, ხოლო სუბსიდია შეადგენს 30 მლნ ლარს.
ანგარიშში აქცენტი გაკეთდა საქართველოს მთავრობის მიერ ბიზნესის სტიმულირების მიზნით მიღებულ სხვა გადაწყვეტილებებზე და უკვე მიღებულ პირველ შედეგებზე, მათ შორის, საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მქონე სუბიექტებისთვის საშეღავათო დაბეგვრის რეჟიმის ამოქმედების შედეგად, საქართველოში უკვე დაიწყო ოპერირება ორმა გლობალურმა IT კომპანიამ - EPAM -მა და Exadel - მა, ხოლო საზღვაო თევზჭერის განვითარების პროექტით, მიმდინარეობს 3 ახალი გემის მშენებლობა და 4-ის განახლება.