გელათის ტაძრის დაზიანებული სახურავის საქმეზე გამოძიება დაიწყო.
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უნდა დაადგინოს, იკვეთება თუ არა შემსრულებელის პასუხისმგებლობა.
სამუშაოები ხელოვნების საერთაშორისო ცენტრმა შეასრულა, მოწმეები უკვე დაიკითხნენ.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი შემსრულებელი კომპანიის მხრიდან არაკეთილსინდისიერად განხორციელებულ სამუშაოებზე საუბრობს და ამბობს, რომ აუცილებელია ობიექტური მიზეზი დადგინდეს, რატომ მოხდა გადაცდომები პროექტიდან.
"მნიშვნელოვანია გამოძიების პროცესი, რომ სწორი, ობიექტური მიზეზები დადგინდეს, რატომ მოხდა გადაცდომები პროექტიდან, რატომ მოხდა მაგალითად ვამბობ, კრამიტის შეცვლა და ა.შ. ამას გამოძიება იტყვის. დაიკითხა თვითონ მწარმოებელი, პროექტის ავტორი, სააგენტოც იყო წარმოდგენილი იმ დაკითხვის პროცესში.
კომპანიამ ნაწილობრივ არაკეთილსინდისიერად შეასრულა ის სამუშაოები, გამოცდილმა კომპანიამ, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ კულტურულ მემკვიდრეობაში ძეგლების რეაბილიტაცია უნდა ახორციელოს.
სააგენტომ მოიკოჭლა ინსპექტირების მკაცრ კონტროლში. მკაცრ კონტროლს ვგულისხმობ, რომ სათითაოდ, ყველა დეტალზე უნდა ყოფილიყო ძალიან მკაცრი ზედამხედველობა,“ - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე.
გელათის გადახურვასთან დაკავშირებით საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე იმყოფებოდა ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის დირექტორი მაკა დვალიშვილი.
"ექსპერტიზა გაკეთდა და გაირკვა, რომ ქვედა კრამიტზე არის საუბარი. არ შეესატყვისებოდა რეალურად იმ აუცილებელ მონაცემებს, რაც იყო საჭირო. ამიტომ, ამ კრამიტის დამზადება მიმდინარეობს,“ - აღნიშნა მაკა დვალიშვილმა.
მიტროპოლიტი, ქუთაის-გაენათის ეპარქიის მმართველი მეუფე იოანე (გამრეკელი) ამბობს, რომ აუცილებელია სპეციალისტებს ჩართულობით, ფართო შეხვედრის დროს მოხდეს საკითხის განხილვა.
"დღეს მე შევთავაზე, რომ მოხდეს შეხვედრა ოფიციალური, პირდაპირ ეთერში, დაესწრებიან სპეციალისტები, ის წარმომადგენლები, ვისაც ევალება და პასუხისმგებელია და მოხდეს ერთობლივი განხილვა სიტუაციის,“ - ამბობს მიტროპოლიტი.