19 ნოემბერი 2024,   10:30
ვრცლად
მოხდა იმ სახლების დემონტაჟი, სადაც ადამიანები არ ცხოვრობდნენ და მათ უმრავლესობას აქვს სხვა საცხოვრებელი - სოზარ სუბარი აფრიკის დასახელებაში განვითარებულ მოვლენებზე

სოზარ სუბარი "დღის კურიერში" სტუმრობისას აფრიკის დასახელებაში მომხდარ ინციდენტს გამოეხმაურა.

გადაცემის წამყვანმა პარლამენტის წევრს ადგილობრივების განცხადება წაუკითხა, სადაც ისინი ამბობენ, რომ "სუბარი გვეუბნებოდა, დაგვიდექით არჩევნებზე გვერდით და გაგიფორმებთ ამ სახლებს". "დღის კურიერის" წამყვანმა სოზარ სუბარს სთხოვა განემარტა, მისცა თუ არა მან წინასაარჩევნო პერიოდში ადგილობრივებს მსგავსი დაპირება.

საპასუხოდ სოზარ სუბარმა აღნიშნა, რომ დასახლებაში მცხოვრებ უმეტეს ადამიანს აქვს სხვა საცხოვრებელი და იმ სახლებში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, დემონტაჟი არ მომხდარა. ამასთან, მისივე თქმით, კონკრეტულად ეს სახლები რამდენიმე თვის წინ აშენდა და დაკანონებაზე მათ დაპირებას ვერ მისცემდა.

"აფრიკის დასახლებაშიც და ზოგადად სამგორშიც არის ალბათ ყველაზე ბევრი მოუგვარებელი ინფრასტრუქტურული პრობლემა. არის ძალიან ბევრი უკანონო დასახლება. ზოგიერთი ეს დასახლება არის რამდენიმე წელი, ზოგიერთი რამდენიმე ათეული წელი და ბუნებრივია იმ ადამიანებს, რომლებიც აქ წლობით ცხოვრობენ, აშენებული აქვთ სახლები, გაკეთებული აქვთ ბაღები, ვპირდებოდი მაქსიმალურად, რომ სადაც შესაძლებელი იქნება დაგეხმარებით მაქსიმალურად. კონკრეტულად ეს დასახლებები და სახლები, რომლებზეც დღეს იყო ლაპარაკი, მეც რაც მოვიკითხე, არცერთ მათგანში ადამიანი არ ცხოვრობდა და როგორც მეუბნებიან, მათი უმრავლესობა ბოლო 2-3 თვის განმავლობაშია აშენებული და ბუნებრივია მათ მე ვერაფერს დავპირდებოდი.

რაც მე მოვიკითხე, არცერთ სახლში, სადაც ადამიანები ცხოვრობენ, არცერთი ასეთი სახლის დემონტაჟი არ მომხდარა და მოხდა იმ სახლების დემონტაჟი, სადაც ადამიანები არ ცხოვრობდნენ და ამ ადამიანების უმრავლესობას აქვს სხვა საცხოვრებელი. ჩვენ ყველამ პატივი უნდა ვცეთ კანონს," - განაცხადა სოზარ სუბარმა. 

აფრიკის დასახლებაში, სადაც ადგილობრივები უკანონო მშენებლობების დემონტაჟს აპროტესტებენ, სამართალდამცავებსა და მოსახლეობას შორის დაპირისპირება იყო, დაკავებულია რამდენიმე პირი.

დღის ამბები