აფრიკის დასახლებაში სახლების დემონტაჟს და იქ განვითარებუოლ პროცესებს, რაც მოსახლეობასა და სამართალდამცველებს შორის შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა, სახალხო დამცველი გამოეხმაურა.
"ზამთრის პერიოდში დემონტაჟის ღონისძიებების განხორციელება წარმოშობს არაადამიანური და ღირსების შემლახავი მოპყრობის რისკებს" - ასე ეხმაურება სახალხო დამცველი დღეს აფრიკის დასახლებაში განვითარებულ მოვლენებს.
ნინო ლომჯარიას განცხადებაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებას გააჩნია უნებართვო მშენებლობების დემონტაჟის უფლება, თუმცა დაუშვებელია პროცესი ადამიანის უფლებების დარღვევის ხარჯზე მოხდეს.
"თბილისის მერიას მოვუწოდებ, გააკეთოს ოფიციალური განცხადება, რომელშიც მოცემული იქნება ამომწურავი ინფორმაცია, რა ღონისძიებები იქნა და იქნება გატარებული იმ ოჯახების უსახლკარობისგან დაცვის მიზნით, რომელთა საცხოვრებელი სახლები დემონტაჟს დაექვემდებარა,"- ნათქვამია ომბუდსმენის განცხადებაში.