ე.წ. აფრიკის დასახლებაში, 12 შენობაში, რომლის დემონტაჟიც განხორციელდა, ადამიანები არ ცხოვრობდნენ. სახლები დაუსრულებელ მდგომარეობაში იყო. სამართალდამცველებმა ე.წ. აფრიკის დასახლება ცოტა ხნის წინ დატოვეს, ადგილზე ახლა არც მძიმე ტექნიკა მუშაობს.
ადგილობრივების თქმით, პანდემიის და წინასაახალწლო პერიოდში მერიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკანონოა. ადგილობრივები პროტესტის გაგრძელებას აანონსებენ.
"ავადმყოფი ვარ, მე თავს მოვიკლავ, 4 შვილის საცოდაობას ვერ ვუყურებ. არსად არ მაქვს ღამის გასათევი. სამუდამო პატიმრობა მომისაჯონ, თუ სადმე ნახავენ, რომ ღამის გასათევი მაქვს," - განაცხადა ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
დღეს ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები და სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ. ისინი მხარდაჭერას უცხადებენ ადგილობრივებს. თუმცა, დღესვე, ადგილობრივებმა მოითხოვეს, რომ არ მოხდეს აღნიშნული თემის პოლიტიზება და მანიპულირება.
ცნობისთვის, აფრიკის დასახლებაში მომხდარი დაპირისპირებისას 8 ადამიანი დააკავეს. მათ სამართალდამცავები პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებიან.
ავტორი: თამარ თათარაშვილი