19 ნოემბერი 2024,   10:24
ვრცლად
"არ უარვყოფთ, იურიდიულად დავაშავეთ, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც ხომ არის" - აფრიკის დასახლების მოსახლეობის ნაწილი დახმარებას ითხოვს

პროტესტი აფრიკის დასახლებაში - სამგორის რაიონის გამგეობასთან ამ წუთებში აფრიკის დასახლების მოსახლეობაა შეკრებილი, ისინი დასახლებაში მუნიციპალური სამსახურის მიერ გუშინ განხორციელებულ შენობა-ნაგებობის დემონტაჟს აპროტესტებენ, მოქალაქეები ინციდენტისას ერთ-ერთი დაკავებულის, ვაკო ფოცხვერაშვილის გათავისუფლებასაც მოითხოვენ.

აფრიკის დასახლების მოსახლეობის თქმით, ის შენობები, რომლის დემონტაჟიც გუშინ განხორციელდა მათი ერთადერთი საცხოვრებელი იყო და სხვა წასასვლელი არ აქვთ.

რამდენიმე ოჯახი, რომელიც ამ წუთებში აქციას მართავს, დახმარებას და ზარალის ანაზღაურებას დედაქალაქის მთავრობისგან ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში აპირებენ, რომ გააგრძელონ პროტესტი და არ მისცენ შესაბამის სამსახურებს, დემონტაჟის გაგრძელების საშუალება.

"არ გვაქვს არსად ღამის გასათევი, პირადად ჩვენს ოჯახს და ჩვენი ახლობლების ოჯახებს. გადაგვაფორმებინონ ნელ-ნელა, შევძლოთ გადახდა. სად წავიყვანო ესენი, გინდა პანდემიას მოუკლია და გინდა სიცივეს. ვიცით, რომ დამნაშავეები ვართ, არ უარვყოფთ, იურიდიულად დავაშავეთ, მაგრამ ადამიანური ფაქტორიც ხომ არის?" - ამბობს ერთ-ერთი მცხოვრები.  

აქციის პარალელურად, მიმდინარეობს შეხვედრა გამგეობაში. აქციის მონაწილეებს გამგებელი შეხვდა, რასაც წინ გამგებელსა და აქციის მონაწილეებს შორის მცირე სიტყვიერი დაპირისპირება უძღოდა. აქციის მონაწილეებმა გამგებელს წინა საარჩევნო დაპირება შეახსენეს და განუცხადეს, რომ მათ ფართების გადაფორმებას ჰპირდებოდნენ.

"მათი გაფრთხილება, ეს პროცედურა, არ არის გამგეობის პრეროგატივა. შესაბამისმა სამსახურმა გაფრთხილებებიც გააკეთა, ეს პროცედურები, ყველაფერი ჩაატარა და ამაზე განმარტებაც გააკეთეს და განცხადებაც.

ვინც არის სოციალურად დაუცველი, ვისაც არ აქვს ქონება, ვინც არის სოციალურად შეჭირვებული და მას კანონის ფარგლებში გამგეობა დაეხმარება ყველას," - აცხადებს თბილისის სამგორის რაიონის გამგებელი, კახა სამხარაძე.

დღის ამბები