ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებისას სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რადგან ეპიდემიოლოგიური ვითარების სტაბილიზაციის ნიშნები შეზღუდვების შედეგია.
თამარ გაბუნიას თქმით, შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას, მთავრობა ეპიდსიტუაციის დაკვირვების შემდეგ მიიღებს.
"ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა მოვეკიდოთ შეზღუდვების შემსუბუქებას, რადგან ის შედეგი, რომელიც დღეს ჩვენ მივიღეთ, ცალსახად ამ შეზღუდვების შედეგია. ჰოსპიტალური სექტორი ბოლო ორი თვის განმავლობაში მაქსიმალური დატვირთვით მუშაობდა და ჩვენ ამ დატვირთვის მაჩვენებელს ისევ რომ დავუბრუნდეთ, იანვრის დასაწყისში, ეს იქნება უკიდურესად რთული გადასატანი. ამდენად, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რა თქმა უნდა, ჩვენი რეკომენდაციაა, რომ დავაკვირდეთ ამ კვირაში სტაბილიზაციის ნიშნებს და შესაფერისად მივიღოთ გადაწყვეტილება შეზღუდვების შემსუბუქებასთან დაკავშირებით, თუმცა, ჯერჯერობით, ვრჩებით დაკვირვებისა და კონსულტაციების რეჟიმში," - განაცხადა გაბუნიამ.