აფრიკის დასახლების მოსახლეობა ამ წუთებში არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებს ხვდებიან. ისინი ტერიტორიაზე რამდენიმე წუთის წინ მივიდნენ. მესამე სექტორი აფრიკის დასახლებაში მცხოვრე ადამიანებს იურიდიულ დახმარებას სთავაზობს.
"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორი, მერაბ ქართველიშვილი ამბობს, რომ იგეგმება იურიდიული დახმარებას გაწევა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც გუშინ დაპირისპირების დროს დააკავეს. ასევე, აფრიკის დასახლებაში მცხოვრებ მოქალაქეებთან გასაუბრების შემდეგ, მიიღებენ გადაწყვეტილებას, რა ტიპის იურიდიულ დახმარებას გაუწევენ.
"ვგეგმავთ, იურიდიული დახმარება გავუწიოთ იმ ადამიანებს, რომლებიც გუშინ იყვნენ დაკავებულები და ვაპირებთ ამის გაკეთებას და დღესაც ამიტომ მოვედით სწორედ, რომ ადამიანებთან კონტაქტი გვქონდეს. მეორეს მხრივ, რაც შეეხება სახლების დემონტაჟი ვისიც მოხდა, იმათთან დაკავშირებითაც ჩვენ შევეცდებით, დავუკავშირდეთ და შემდგომ უკვე მივიღებთ გადაწყვეტილებას, როგორ დავიცავთ მათი უფლებებს,“ - განაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადამიანის უფლებების დაცვის პროგრამის დირექტორმა, მერაბ ქართველიშვილმა.
”ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ეკა ვეფხვაძე ამბობს, რომ იზოლაციისა და კარანტინის წესების შესახებ დადგენილებით, შეჩერებულია ყველანაირი ტიპის გამოსახლება.
"არ უნდა მომხდარიყო ამ ადამიანების გამოსახლება, უნდა მომხდარიყო შესწავლა, იყო თუ არა ისეთი ოჯახები, რომლებიც ცხოვრობდნენ ამ ტერიტორიაზე, იყვნენ თუ არა შესახლებულები და რა თქმა უნდა, მხოლოდ ამ პროცედურების განხორციელების შემდგომ უნდა მომხდარიყო შეფასება, შეიძლებოდა თუ არა ამ ხალხის გამოსახლება.
მივმართავთ მერიას და დავიწყებთ ამ ფაქტების შესწავლას, იყო თუ არა სათანადოდ გამოკვლეული, ცხოვრობდნენ თუ არა ეს ადამიანები ამ შენობა-ნაგებობებში,“ - აცხადებს ეკა ვეფხვაძე.