ამ წუთებში, თბილისის მერიასთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეიკრიბნენ აფრიკის დასახლებაში მცხოვრები ადამიანები, რომლებიც გუშინ დაპირისპირებისას დაკავებული მოქალაქის გათავისუფლებას ითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიციაც.
"ჩვენი მთავარი მოთხოვნაა დააკმაყოფილონ ქუჩაში დარჩენილი ხალხის მოთხოვნები, მიხედონ იმ სპეცრაზმს, რომლებმაც 6 თვის ორსულ ქალს ზედ გადაუარეს და გაათავისუფლონ ჩვენი დაკავებული მეგობარი,"-განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.
აქციაზე მივიდა ლაშა ჩხარტიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ ხელისუფლებამ არამარტო ამ ხალხს უნდა დაუკანონოს ბინები, არამედ ვისაც არ აქვს, მათთვისაც უნდა გაითვალისწინოს სახლებსის აშენება თბილისის ბიუჯეტიდან.
"აფრიკის მოსახლეობას და არამარტო მათ, ყველას, ვისაც არ გააჩნია სახლ-კარი და გააჩნია ე.წ. თვითნებური ბინა, უნდა დაუკანონდეს, 1 ლარად გადასცეს, ისე, როგორც საკუთარ ბიზნესპარტნიორებს და ივანიშვილს, ეს ბინები საკუთრებაში. ხოლო ვისაც დაუნგრიეს, კეთილი ინებონ და არა ერთკაციან თავშესაფარში შეტენონ ოჯახები, რაც შეუძლებელია (ბოდიში გამოთქმისთვის), არამედ აუშენონ ახალი.
ამასთანავე, მტკიცდება მერიის ბიუჯეტი და ვისაც არ აქვს და ვერ მოახერხა იძულებით და თვითნებურად სახლის აშენება, კეთილი ინებონ და, მინიმუმ 1000 ბინის აშენების თანხები გაითვალისწინონ,"-განაცხადა ლაშა ჩხარტიშვილმა.
ავტორი: თამარ თათარაშვილი