საქართველოში ბოლო 24 საათში გარდაცვლილი პაციენტების საშუალო ასაკი 70 წელი იყო. ამ დროის მონაცემებით, 75 წლის მამაკაცი, რომელსაც ქრონიკული დაავადებები ჰქონდა, ბათუმის ინფექციურ საავადმყოფოში გარდაიცვალა.
"48 პაციენტი იმყოფება რეანიმაციაში, აქედან 9-ის მდგომარეობა ფასდება როგორც კრიტიკული, ისინი მართვით სუნთქვაზე არიან. გასული 24 საათის განმავლობაში, ინფექციურ საავადმყოფოში 1 პაციენტი, 75 წლის მამაკაცი გარდაიცვალა, რომელსაც ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის უკმარისობა ჰქონდა. გადაყვანილი იყო მართვით სუნთქვაზე, თუმცა ჩატარებული ღონისძიებების მიუხედავად, დაფიქსირდა ბიოლოგიური სიკვდილი,"- აცხადებს ბათუმის რესპუბლიკური კლინიკური საავადმყოფოს მთავარი ექიმი გია კიკაბიძე.
კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა თელავის ცენტრალურ საავადმყოფოშიც. კლინიკის ხელმძღვანელის ზურაბ საჩიშვილის ინფორმაციით, 83 წლის ქალი ბოლო ერთი კვირის განმავლობაში მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
ბოლო 24 საათში, საქართველოში კორონავირუსით 31 პაციენტი გარდაიცვალა. პანდემიის პერიოდში, 2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე, "კოვიდ-19"-ს საქართველოში სულ 1953 ადამიანი ემსხვერპლა.