19 მაისი 2024,   13:09
ვრცლად
რეკლამის მიხედვით ყოველი მეათე იგებდა მანქანას - თაღლითური სქემა რომლითაც ბრალდებულებმა ათიათასობით ლარი მიითვისეს

კიბერდანაშაული და უკანონოდ მითვისებული ათი-ათასობით ლარი. დაკავებულია 3 პირი და მხილებულია 1 არასრულწლოვანი. ბრალდებულებმა მოქალაქეების საბანკო ანგარიშებიდან ფარულად 72 500 ლარი მიითვისეს. არსებობდა კონკრეტული თაღლითური გეგმა, რომლითაც დანაშაულებრივი ჯგუფი მომხმარებლების საბანკო ინფორმაციას იგებდა და იყენებდა.  ბრალდებულები ჩადენილ დანაშაულს აღიარებენ. მათ 6-დან 10 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

"ფეისბუკზე მომივიდა ბმული, საბანკო რეკვიზიტები მომთხოვა, შევავსე ეს რეკვიზიტები და აღმოჩნდა რომ თაღლითური სქემა იყო, რომ შევამჩნიე და მომეჭრა თანხა მივმართე სამართალდამცავ ორგანოებს," - აცხადებს ერთ-ერთი დაზარალებული.

თაღლითურ სქემასთან დაკავშირებით კომენტარი გაკეთდა შსს-შიც:

"რეკლამაში იყო მითითებული რომ ყოველი მეათე მომხმარებელი მოიგებდა ავტომანქანას, ამისთვის საჭირო იყო შესაბამის ინტერნეტბანკში ავტორიზაციის გავლა. მოქალაქეები შევიდნენ შეცდომაში და მათ მიაწოდეს თავისი ინტერნეტ ბანკში ავტორიზაციისთვის საჭირო პარამეტრები ორგანიზებული ჯგუფის ერთ-ერთ წევრს, რომელმაც შემდგომში მოახდინა მათ ინტერნეტბანკში უნებართვო შეღწევა და თანხების სხვა მიმართულებით გადარიცხვა," - აცხადებს შსს-ს წარმომადგენელი.

გამოძიება ანგარებით ჩადენილ კერძო კომუნიკაციის საიდუმლოების დარღვევის, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევისა და დიდი ოდენობით ქურდობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ის 158-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების "ა" ქვეპუნქტებით, 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "დ" ქვეპუნქტებით, ასევე, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის "ა" ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დღის ამბები