მმართველი პარტიის მიერ ინიცირებული ამნისტიის პროექტი რამდენიმე მთავარ პრინციპს ითვალისწინებს. მათ შორის იმას, რომ სასჯელის გაუქმება ან შემსუბუქება მძიმე დანაშაულში ბრალდებულებს არ შეეხებათ. არასამთავრობო სექტორიდან იურისტების ნაწილი ამ მიდგომას არ ეთანხმება.
ამას გარდა, არასამთავრობო სექტორს აქვს ისეთი ტიპის წინადადებებიც, რომლებიც პირიქით, წარმოდგენილი ჩამონათვალიდან გარკვეული მუხლების ამოღებას ეხება.
მმართველი პარტიის პოზიციის მიუხედავად, რომ ქვეყანაში პოლიტიკური პატიმრები საერთოდ არ არიან, დღეს არასამთავრობო სექტორიდან "კურიერის" ყველა რესპოდენტი საწინააღმდეგოს ამტკიცებდა. ამ მიმართულებით უკვე მეორე დღეა ყურადღებას ამახვილებს ოპოზიციაც.
ინიციატივის წარდგენისთანავე ამნისტიის პროექტის ავტორმა განმარტა, რომ დიდი ალბათობით იმ პირებს, ვისაც ოპოზიცია პოლიტპატიმრებად მოიხსენიებს, კანონი არ შეეხებოდა. დღეს "ქართულ ოცნებაში" უკვე დარწმუნებით და მეტად მკაფიოდ დაადასტურეს, რომ ეს საკითხი არ გადაიხედება. ამასთან, მმართველი პარტია თითქმის გამორიცხავს, რომ ცვლილება შევიდეს იმ მუხლების ჩამონათვალშიც, რომელსაც ამნისტია შეეხება.
ვიდრე ამნისტიის პროექტს პარლამენტი სამი მოსმენით კენჭს უყრის, მისი განხილვა კომიტეტების სხდომებზე დაიწყება. დიდი ალბათობით, სწორედ კომიტეტების ფორმატში მიეცემათ დაინტერესებულ მხარეებს პოზიციების დაფიქსირების შესაძლებლობა.