19 ნოემბერი 2024,   10:23
ვრცლად
შსს-ს თანამშრომლის, 29 წლის გიორგი კაკოშვილის COVID-19-ით გარდაცვალების საქმეს, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს

29 წლის გიორგი კაკოშვილის გარდაცვალების საქმეს, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფში მსახურობდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტო სწავლობს. ახალგაზრდის ახლობლების ინფორმაციით, პაციენტს კორონავირუსის გარდა სხვა დაავადება არ ჰქონია.

"როგორც ვიცი, სამსახურში გაცივდა და სახლში რომ მოვიდა, დაურეკა თავის დაზღვევის ექიმს, კლინიკაში დაზღვევის ექიმთან როცა ავიდა, გაიკეთა კოვიდტესტი. კოვიდტესტზე არ გამოუვლინდა. უთხრეს, რომ ჰქონდა ბრონქიტი და დაუწყეს ბრონქიტზე მკურნალობა. 2 დღის შემდეგ ცუდად იყო სახლში და მივიდა მეორე კლინიკაში. მანდ რომ გაესინჯა, უთხრეს მძიმე მწვავე ფილტვების ანთება, ჰკითხეს გაკეთებული ჰქონდა თუ არა ტესტი და დაუნიშნეს ანტიბიოტიკები, რომელიც არ შეიძლებოდა თურმე, როგორც აღმოჩნდა. ორი დღე გაუძლო, მერე ცუდად გახდა და მძიმე მდგომარეობაში გადავიყვანეთ კლინიკა "რუსთავში", სადაც აპარატზე შეაერთეს და 6 დღე იყო აპარატზე," - ამბობს გიორგი კაკოშვილის ახლობელი "რუსთავი2-თან".

"როგორც კი სიცხე ჰქონდა, მიაკითხა, არასწორი მკურნალობა ჰქვია მაგას, ამიტომ წესიერად უნდა აიღონ ანალიზები, აქვს თუ არა,"- აცხადებს კიდევ ერთი ახლობელი. მისი თქმით, გარდაცვლილი არც სიგარეტს არ ეწეოდა და არც ალკოჰოლს მოიხმარდა.

ჯანდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კლინიკური აუდიტი ყველა ლეტალურ შემთხვევას სწავლობს და ასე იქნება ამ შემთხვევაშიც:

"ყველა შემთხვევას სწავლობს როგორც კლინიკური ჯგუფი, ასევე კლინიკური აუდიტი და რეგულირების და დეტალური შესწავლის შემდეგ ყველა შემთხვევა ექვემდებარება გასაჯაროებას. ჩვენი მიდგომა არის, რა თქმა უნდა, ყველა გადაცდომის პრევენცია და არავითარ შემთხვევაში მხოლოდ დასჯის მექანიზმების გამოყენება. ჩვენ, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ვართ დაინტერესებული იმაში, რომ მაქსიმალურად ბევრი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადარჩეს. საგამოძიებო კომისიები არ იქმნება 1-2 პაციენტისთვის, ეს კომისიები და აუდიტი არის შექმნილი, მათი ვალდებულებაა შეისწავლოს ყველა ლეტალური შემთხვევა და არ აქვს ამას მნიშვნელობა, იქნება ეს ახალგაზრდა მოქალაქე თუ ხანდაზმული," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

29 წლის პაციენტის გარდაცვალებაზე კომენტარს აკეთებენ იმ სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლებიც სადაც  გიორგი კაკოშვილი მკურნალობას გადიოდა:

"პაციენტი შემოვიდა და აღნიშნა, რომ ტემპერატურა ჰქონდა და ხველა, მივიღე, გავსინჯე და ვურჩიე, რომ გაეკეთებინა ტესტირება. ტესტირება გაიკეთა ჩვენს კლინიკაში და პასუხი მომიტანა 7 დეკემბერს. ტესტის პასუხი იყო უარყოფითი, ცოტა ეჭვის ქვეშ მაინც დავდექი და მივეცი რეკომენდაცია გარკვეულ კვლევებზე. კვლევების პასუხები უკვე პაციენტს ჩემთან აღარ წარმოუდგენია და დაკავშირება პაციენტთან ვერ მოხერხდა. პაციენტი PCR ტესტიებაზე აღარ მოვიდა ჩვენთან," - აცხადებს იმ კლინიკის ექიმი, რომელსაც პაციენტმა პირველად მიაკითხა.

რაც შეეხება მეორე კლინიკას, აქ აცხადებენ, რომ გაკეთებულ ანალიზებში საეჭვო არაფერი ჩანდა და პაციენტს დაესვა დიაგნოზი ბრონქო-პნევმონია და მკურნალობაც შესაბამისად ხორციელდებოდა.

"მიპასუხეს, რომ მას გაკეთებული აქვს კოვიდტესტი, აქვს უარყოფითი პასუხი, ჩვენ გავაკეთეთ შესაბამისი ანალიზები, გაკეთდა სისხლის ანალიზი, CRP და ასევე გაკეთებულია D-დიმერიც. საეჭვო რომ ყოფილიყო მე არანაირად უფლება არ მაქვს, როგორც ექიმს, რომ ამბულატორიულ პირობებში მემკურნალა პაციენტისთვის და აუცილებლად გადამისამართებას გავაკეთებდი სტაციონარში. ჩვენი დიაგნოზი იყო ბრონქო-პნევმონია და მისი შესატყვისი მივეცით. თუ კოვიდის უარყოფითი ტესტი არსებობდა, კოვიდთან დაკავშირებით რატომ უნდა გვემკურნალა? აბსოლუტურად არის დოკუმენტალურად დაფიქსირებული ყველაფერი, შესაბამისად ანალიზებზე დაყრდნობით ისევე როგორც ყველა პაციენტს მივუდექი სტანდარტული მკურნალობის სქემით," - აცხადებს ექიმი.

რაც შეეხება კლინიკა "რუსთავს", საავადმყოფოს სამედიცინო ხელმძღვანელი ირაკლი გიორგაძე აცხადებს, რომ პაციენტი მათ კლინიკაში 10 დეკემბერს  კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანეს და გადაყვანილი იქნა მართვით სუნთქვაზე, ვინაიდან აღენიშნებოდა სატურაციის ძალიან დაბალი რიცხვები და ფილტვების თითქმის 100%-იანი დაზიანება. ირაკლი გიორგაძის თქმით, პაციენტის მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

 

 

დღის ამბები