თამბაქოს კონტროლის ალიანსი განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, საქართველოს მთავრობა უკვე ორ წელზე მეტია არღვევს „თამბაქოს კონტოლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“.
ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ პარლამენტი გააგრძელებს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას.
"ჯერ კიდევ სექტემბერში, საქართველოს ხელისუფლება გულგრილად შეხვდა თამბაქოს ჩარჩო კონვენციის საერთაშორისო ინდექსით მინიჭებულ სტატუსს. თამბაქოს ჩარჩო კონვენციის 5.3 მუხლის აღსრულების მიხედვით, კონვენციის წევრ 35 ქვეყანას შორის პირველ სამეულში აღმოვჩნდით, სადაც მთავრობა თამბაქოს ინდუსტრიას ზეგავლენის და საკუთარ საქმიანობაში ჩარევის უფლებას აძლევს. ამ დროისთვის, უკვე კონვენციის წევრ 57 ქვეყანას შორის, საქართველო კვლავ ლიდერობს.
სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობა უკვე ორ წელზე მეტია არღვევს „თამბაქოს კონტოლის“ შესახებ კანონის მე-4 მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნას, 2018 წლის 1 ივნისამდე მიეღო მთავრობის დადგენილება „საჯარო დაწესებულებაში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებული სახელმწიფო პოლიტიკის დაცვისა და სახელმწიფოს თამბაქოს ინდუსტრიაში ჩაბმულ პირთან ურთიერთობის წესის დამტკიცების შესახებ“. დოკუმენტი შეთანხმდა ყველა შესაბამის უწყებასთან და 2018 წლის ივნისში მიეწოდა მთავრობას დასამტკიცებლად, თუმცა დღემდე არც განუხილავთ.
სწორედ მთავრობის ეკონომიკური გუნდის მხარდაჭერით:
„ფილიპ მორისმა“, გასულ წელს, პარლამენტში სამჯერ წარადგინა „თამბაქოს კონტროლის“ კანონის დამანგრეველი საკანონმდებლო წინადადებები. მოითხოვდნენ, თამბაქოს ნაწარმის სავაჭრო ობიექტებში რეკლამასა და პოპულარიზაციას, თამბაქოს ახალი პროდუქტების გასინჯვის დაშვებას. ადგილობრივმა თამბაქოს ბიზნესმა საერთოდაც პარლამენტის წევრების სახელით სცადა გასახვევი თუთუნის 15 გრამიანი შეფუთვის დაშვება, რითაც ლეტალური პროდუქტი ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის უფრო ხელმისაწვდომი გახდებოდა.
„ბრიტანულ-ამერიკულმა თამბაქოს კომპანიამ“ „ქართული მაღაზიების ასოციაციის“ სახელით მთავრობასა და პარლამენტში წარადგინა წინადადება, შიდა ხილვადობის აკრძალვის გადავადების შესახებ, რომელიც ძალაში შევა 2021 წლის 1-ელი იანვრიდან. „ფილიპ მორისის“ წინადადება სამჯერვე უარყო პარლამენტმა, 15 გრამიანი შეფუთვის საკითხიც გაჩერდა და ვიმედოვნებთ, საერთოდ მოიხსნება დღის წესრიგიდან. „ქართული მაღაზიების ასოციაციას“ უარი უთხრეს ლეტალური პროდუქტის პოპულარიზაციის ხელშეწყობაზე. სამწუხაროდ, მთავრობასა და პარლამენტზე სათამაშო ბიზნესის მაღალი ზეგავლენის გამო, 2019 წლიდან სლოტ-კლუბების ნაწილში მოწევა დაიშვა.
შეუზღუდავია თამბაქოს ინდუსტრიის კონტრიბუცია პოლიტიკური პარტიებისათვის. კორონავირუსის გავრცელების პერიოდში, თამბაქოს ინდუსტრია მონაწილეობდა ბიზნესთან შეხვედრებზე და სპეციალურ ფონდში თანხების შეტანა მათი კომპანიების უკნონო პოპულარიზაციისთვის გამოიყენეს. ამასთან, სამთავრობო გვერდზე უკანონოდ განთავსდა თამბაქოს ინდუსტრიის ლოგოები, რომლებიც მხოლოდ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობის ჩარევით მოხსნეს.
დასანანია, რომ ბიზნესომბუდსმენის ოფისში თამბაქოს ინდუსტრია კვლავ სისტემატურად მართავს შეხვედრებს. ძირითადად სწორედ ამ ორგანიზაციის სახელით ამზადებენ და მთავრობას უგზავნიან კანონპროექტებს.
ვიმედოვნებთ, ახალი პარლამენტი განაგრძობს თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გაძლიერებას და მთავრობას მოუწოდებს კანონის დაცვას და 2018 წლიდან დღემდე თაროზე შემოდებული ნორმატიული აქტის მიღებას. ასევე შესაძლებელი გახდება ტაქსებში მოწევის აკრძალვა. მეტიც, მოწევა აიკრძალება მსუბუქ ავტომობილში ბავშვებთან ერთად მგზავრობისას. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევებით დგინდება, რომ მოსახლეობის 90%-მდე თანახმაა ტაქსებში მოწევა აიკრძალოს. ფაქტია, ხალხს მოსწონს თამბაქოსგან თავისუფალი სივრცე და შესანიშნავად ხვდება მის მავნებლობას. ამიტომაც მთავრობა უნდა ემსახურებოდეს ხალხის ინტერესს და კონსტიტუციურ უფლებას, იცხოვროს ჯანსაღ გარემოში და არა ხელს უწყობდეს მომაკვდინებელი პროდუქციის მწარმოებლების, თამბაქოს ინდუსტრიის „ნათელ მომავალს“," - ნათქვამია განცხადებაში.