რუხის კოვიდ კლინიკაში გუშინ გარდაცვლილი ფოთელი ახალგაზრდა მამაკაცის ოჯახის წევრები სიკვდილის მიზეზად ექიმების დაუდევრობას ასახელებენ. მათი განმარტებით, 32 წლის გიორგი მიმინოშვილი კლინიკაში გადაყვანამდე შეკვეთილის კოვიდ სასტუმრო "მირაჟში" იყო მოთავსებული, სადაც, ფაქტობრივად, ყოველგვარი ყურადღების გარეშე იყო დატოვებული და არც სათანადო კვლევები ჩაუტარდა დროულად.
"მისი ფეხით წავიდა. აწუხებდა ხველება და სიცხეები. მერე დამძიმდა კოვიდ სასტუმროში და მერე იყო ფოთში გადმოყვანილი, მერე ზუგდიდში. კოვიდ სასტუმროში გადაღება ვერ გაუკეთეს, ორი დღე და ღამე დაწვეს სიცხისგან. 40-ზე მაღალი ჰქონდა სიცხე და ერთი ტაბლეტი წამალი მომცესო მითხრა და არ მიგდებს სიცხეს და ვეხვეწები ექიმებს მეორეც დამიმატონო. შენ სახლში რომ სვამდი უაზროდ პარაცეტამოლს ის ხომ არ გგონიაო, უთქვიათ. სათანადო ყურადღება რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა. იქ რომ დამწევიც მიეცათ, გადაეღოთ დროზე ფილტვებზე და ენახათ რა მდგომარეობა იყო. კატეს გადასაღები აპარატი გაფუჭებული ქონიათ ორი დღე,“ - ამბობს გარდაცვლილი გიორგი მიმინოშვილის მეუღლე, ალა ქობალავა.
კოვიდსასტუმროს მთავარი ექიმი თამუნა ქათამაძე კი წაყენებულ ბრალდებებს უსაფუძვლოს უწოდებს და აცხადებს, რომ პაციენტს პროტოკოლის სრული დაცვით ექცეოდა ყურადღება.
"შემოსვლის დროს, სატურაცია იყო აბსოლუტურად მისაღები. არანაირი განსაკუთრებული ნიშნები არ აღენიშნებოდა. 95-96 იყო სატურაცია, სხვა მონაცემებიც აბსოლუტურად ნორმაში იყო. მხოლოდ იმ ღამეს, გადმოყვანიდან დაუვარდა სატურაცია, დავარდა სადღაც 72-მდე. ჩვენ უკვე გვქონდა ჟანგბადის კონცენტრატის აპარატები მიღებული, დავიწყეთ მისი მიწოდება. მთელი ღამე გაათია ჩვენი თანდასწრებით და ავიყვანეთ ჩვენ სასიცოცხლო პარამეტრამდე. ჩემს მიმართ ბრალდებებს აბსოლუტურად გამოვრიცხავ,“ - ამბობს თამუნა ქათამაძე.