19 ნოემბერი 2024,   10:42
ვრცლად
გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლედ იქნა არჩეული-დავით ზალკალიანი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი ქართველ მოსამართლეს გოჩა ლორთქიფანიძეს სოციალურ ქსელში ულოცავს სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეობას

დავით ზალკალიანი აღნიშნავს, რომ ეს უპრეცენდენტო შემთხვევა ქვეყნის გამარჯვებაა.

"2020 წლის 18 დეკემბერს, რომის სტატუტის წევრ სახელმწიფოთა ასამბლეის მე-19 სესიის ფარგლებში, ქ. ნიუ-იორკში გამართულ არჩევნებში, საქართველოს კანდიდატი გოჩა ლორთქიფანიძე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მოსამართლედ იქნა არჩეული, 2021-2030 წლების ვადით. ვულოცავ გოჩას და ჩვენს ქვეყანას ამ დიდ გამარჯვებას!

ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც საქართველოს მიერ წარდგენილი კანდიდატი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლე გახდა.

მოსამართლის 6 ვაკანტური ადგილის დასაკავებლად, საქართველოსთან ერთად 17 კანდიდატი იყო წარდგენილი სხვადასხვა რეგიონიდან: ბელგია, ბოსნია და ჰერცეგოვინა, ბრაზილია, ბურკინა-ფასო, კოლუმბია, კონგოს რესპუბლიკა, კოსტა- რიკა, ეკვადორი, საბერძნეთი, მექსიკა, მონღოლეთი, ნიგერია, სიერა-ლეონე, ტრინიდადი და ტობაგო, ტუნისი, გაერთიანებული სამეფო და ურუგვაი.

მადლობა მინდა გადავუხადო პირველ რიგში პარტნიორ სახელმწიფოებს მხარდაჭერისთვის, ბევრ ჩემს კოლეგას, ვინც პირადი საუბრებისას მიდასტურებდნენ მხარდაჭერას, ასევე, საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს, რომელთაც დიდი სამუშაო გასწიეს ამ შედეგისთვის. 

18 დეკემბერს არჩევნების მხოლოდ ორი რაუნდი გაიმართა, რომლის შედეგადაც არჩეული იქნა დიდი ბრიტანეთისა და საქართველოს კანდიდატები.

არჩევნები განახლდება 21 დეკემბერს, დარჩენილი 4 მოსამართლის ასარჩევად.

სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო პირველი მუდმივმოქმედი საერთაშორისო ტრიბუნალია, რომელიც ფიზიკური პირების ინდივიდუალურ სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას განიხილავს კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული ოთხი ყველაზე მძიმე დანაშაულისთვის: გენოციდი, ომის დანაშაულები, ადამიანურობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები და აგრესიის დანაშაული. სასამართლო 1998 წლის რომის სტატუტის საფუძველზე შეიქმნა, რომელიც ძალაში 2002 წელს შევიდა. 2020 წლის მდგომარეობით, რომის სტატუტი 123 სახელმწიფოს მიერ არის რატიფიცირებული. საქართველო რომის სტატუტს 2003 წლის 5 სექტემბერს შეუერთდა," - წერს დავით ზალკალიანი.

დღის ამბები