აფრიკის დასახლებაში ადგილობრივები შეკრებას მართავენ, მათთვის მიუღებელია მერიის გაფრთხილება, რომელიც მშენებარე სახლების დემონტაჟს ეხება. მათივე თქმით, მერია დემონტაჟის ახალი ტალღის დაწყებას ხვალიდან გეგმავს. ადგილობრივები მერიის გაფრთხილების შესრულებას არ გეგმავენ.
თბილისში, აფრიკის დასახლებაში ქალაქის მერიამ შენობა-ნაგებობების დემონტაჟი 15 დეკემბერს დაიწყო. მერიის განცხადებით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთზე, სამშენებლო სამართალდარღვევის 12 შემთხვევა გამოვლინდა. ტერიტორიაზე სპეციალური ტექნიკის შეყვანას მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა, ადგილზე რამდენიმე საათის განმავლობაში მობილიზებული იყო პოლიციაც. იყო პოლიციასა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირებაც.
ადგილზე იმყოფებიან ბავშვთა უფლებადამცველებიც, მათი თქმით, მერია აპირებს იმ სახლის დემონტაჟი მოახდინონ, სადაც არასრულწლოვანი შშმ მშობლებთან ერთად ცხოვრობს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ ამასთან დაკავშირებით შესაბამისი რეაგირება არც სასამართლომ მოახდინა, ამიტომ ისინი იძულებულები არიან ბავშვის უფლებები მასთან ერთად ყოფნით დაიცვან, რათა ვერ მოხდეს სახლის დემონტაჟი და სოლიდარობა ამ ფორმით გამოხატონ.