ზვიად გამსახურდიას ოჯახის ადვოკატი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.
სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სისხლის სამართლის კოდექსის ის ნაწილი, რომელიც ბლანკეტურად გამორიცხავდა დაზარალებულის შესაძლებლობას, მიეღო ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გაცნობოდა მასალებს ასლის სახით.
ამ გადაწყვეტილებით, საკონსტიტუციო სასამართლომ, კონსტანტინე გამსახურდიას სარჩელი პარლამენტის წინააღმდეგ ზვიად გამსახურდიას საქმეზე დააკმაყოფილა.
"შეუძლებელია გადააფასო ამ გადაწყვეტილების მნიშვნელობა, რომელიც მიიღო საკონსტიტუციო სასამართლომ. ამით ფაქტობრივად დასრულდა წარმატებით ჩვენი სამწლიანი ბრძოლა მოგვეპოვებინა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე, არსებული სისიხლის სამართლის საქმის მასალები. გამოძიების დაწყებიდან დღემდე, 1993 წლიდან არსებული საქმის მასალები, ჩვენ უკვე გამოვითხოვეთ პროკურატურიდან," - აცხადებს ადვოკატი ამირან გიგუაშვილი.
აქამდე დაზარალებულს, ან მის უფლებამონაცვლეს საქმის მასალების შესწავლა პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ შეეძლო და კოდექსი არ ითვალისწინებდა მასალის ასლების გადაცემის შესაძლებლობას.
მოსარჩლე განმარტავდა, რომ სისხლის სამართლის მასალების ადგილზე გაცნობის შესაძლებლობა ყოველთვის საკმარისი არ იყო საქმის მასალების სიღრმისეულად და სრულყოფილად გაცნობისათვის.
წარმატებით დასრულდა ჩვენი სამწლიანი ბრძოლა მოგვეპოვებინა ზვიად გამსახურდიას მკვლელობის საქმეზე - ადვოკატი