გიორგი შაქარაშვილის მკვლელობისთვის დაკავებული 5 პირის პროცესი მცხეთის რაიონულ სასამართლოში ბრალდების მხარის მოწმეების გამოკითხვით გაგრძელდება.
უფლებადამცველებისთვის უცნობია რომელ მოწმეს წარმოადგენს დღეს ბრალდების მხარე. მათივე მტკიცებით, აქამდე დაკითხული მოწმეები ვერ ადასტურებენ დაკავებულთა ბრალეულობას.
"ბრალდების მხარე წარმოადგენს რამდენიმე მოწმეს. ჯერჯერობით უცნობია თუ რამდენი მოწმე იქნება და ვინ იქნებიან. ამ ეტაპისთვის დაკითხულია დაახლოებით 50 მოწმე, ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ მათ არ გააჩნიათ არანაირი ინფორმაცია გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით. დარწმუნებული ვარ, რომ ვინც არ უნდა მოიყვანოს ბრალდების მხარემ ისინი ვერანაირ ისეთ ინფორმაციას ვერ მიაწვდიან სასამართლოს, რაც ბრალდების დადასტურებაში დაეხმარება ბრალდების მხარეს," - განაცხადა ადვოკატმა ბექა ნემსიწვერიძემ.
გამოძიება ბრალდებულებს დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.