ეკატერინე ტიკარაძე პარლამენტში დეპუტატებს მოხსენებით მიმართავს. ჯერჯერობით, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში არ გადასულა.
მან საუბარი დაახლოებით ერთი წლის წინანდელი მოვლენებით დაიწყო და ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რა გაკეთდა პანდემიით გამოწვეული პრობლემების გადასაჭრელად, ასევე რა ხარვეზები რჩება სისტემაში და რა გეგმები აქვს სამინისტროს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემები.
"მიმდინარე წლის 2 აპრილიდან ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით შეიქმნა ონლაინკლინიკების პლატფორმა, რომლის ფარგლებში ოჯახის ექიმების მიერ ყოველდღიურად ხორციელდებოდა კოვიდპაციენტების დისტანციური მართვა. თავდაპირველად, პროცესში ჩართული იყო 25 ონლაინკლინიკა. დღეისათვის ონლაინკლინიკების რაოდენობა არის 65-მდე გაზრდილი და მათ ემსახურებათ 135 ბრიგადა, მათში ჩართული 700 ექიმი.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ ასევე 2020 წლის სექტემბერში, როდესაც ჩვენ ავამოქმედეთ ბინაზე მკურნალობის რეჟიმი. აღნიშნული გზით ჩვენ მოვახერხეთ ჰოსპიტალური სექტორისა და სამედიცინო პერსონალის გადატვირთვის პრევენცია. შემთხვევების 60%-ზე მეტი ძირითადად ბინაზე მკურნალობის რეჟიმშია.
სახელმწიფო პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად მუდმივად ახორციელებს ექიმების გადამზადებას. ამ დრომდე ყველა ოჯახის ექიმის გადამზადება განხორციელდა 4-ჯერ, ხოლო 2-ჯერ სოფლის ექიმების სრული გადამზადება განხორციელდა," - აცხადებს ეკატერინე ტიკარაძე.