დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე პრეპარატ "რემდესივირის" შესახებ საუბრობს. მისი თქმით, პრეპარატი პაციენტებზე არ გაიცემა და ის ექვემდებარება მხოლოდ ჰოსპიტალურ მოხმარებას, რომლის გამოყენების პირობებსა და მიზანშეწონილობას კლინიკურ ჯგუფს უთანხმებს.
"პაციენტებზე არ გაიცემა, ეს პრეპარატი არის მხოლოდ ჰოსპიტალური მოხმარების საშუალება, პროტოკოლით შემუშავებულია კლინიკური ჯგუფის მიერ, რომელსაც ხელმძღვანელობს ბატონი თენგიზ ცერცვაძე და ყველა კლინიკა, სადაც რემდესივირის გამოყენების მიზანშეწონილობა ჩაითვლება, შეუთანხმებს კლინიკურ ჯგუფს მისი გამოყენების პირობებს. მისი რაოდენობა საკმარისია ქვეყანაში, როგორც მე ვიცი, დაახლოებით 600-700 ავადმყოფზეა გათვლილი და მას აქვს ძალიან მკაცრი ჩვენებები, როდის, დაავადების რა ეტაპზე უნდა დაინიშნოს, რომ მან მოგვცეს მაქსიმალური ეფექტი. ის არ ინიშნება ყველა ავადმყოფზე, არ ინიშნება მძიმე, კრიტიკულ ავადმყოფზე.
"ეს პრეპარატი გახლავთ პირდაპირი მოქმედების ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიქმნა ებოლას საწინააღმდეგოდ, 2014-15 წლებში და შემდგომ გამოყენებული იქნა სწორედ ამ პანდემიის პერიოდში გაზაფხულის ტალღის დროს. ამ პრეპარატს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ არ მისცა რეკომენდაცია, როგორც ფართო მოხმარების პრეპარატს, მაგრამ რეკომენდაცია მას აქვს ამერიკის საკვებისა და წამლის სააგენტოსი, მისი გარკვეული ჩვენებებით ხმარებისა და ასევე აქვს ამერიკის ინფექციური საზოგადოების რეკომენდაცია, რომ ის შეიძლება იქნეს გამოყენებული,“ - აცხადებს ამირან გამყრელიძე.