19 ნოემბერი 2024,   10:41
ვრცლად
21 საათის შემდეგ სასტუმროს რესტორნის დაკეტვა ამ ბიზნესს დამატებით დარტყმას მიაყენებს - სასტუმრო "ვაზისუბნის მამული"-ს დირექტორი

სასტუმრო "ვაზისუბნის მამული"-ს დირექტორმა ნია ოძელაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში ისაუბრა იმ პრობლემებზე, რომელიც სასტუმრო ბიზნესს რეგულაციების შედეგად შეექმნა.

მისი თქმით, რეგულაცია, რომლის მიხედვითაც სასტუმროს რესტორნები 21 საათის შემდეგ  სტუმრებსაც ვერ მოემსახურებიან, ამ ბიზნესს დამატებით დარტყმას მიაყენებს. 

ნია ოძელაშვილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი იყო და თადარიგის დაჭერის საშუალება არ მიეცათ. 

"ჩვენთვის აბსოლუტურად მოულოდნელი იყო ეს ყველაფერი. რა რეგულაციები და მოთხოვნებიც გვქონდა, ყველაფერს ვიცავთ. ფაქტობრივად, ამ რეჟიმში ვცხოვრობთ, დეზობარერებიდან დაწყებული, თერმოკონტრლით, დისტანციის დაცვით. ძალიან რთულია, მაგრამ, რაღაცნაირად, გადავეწყვეთ.

ჩვენ უკვე დიდი ხანია გარედან სტუმრებს ვეღარ ვიღებთ, ვემსახურებით მხოლოდ სასტუმროს სტუმრებს. შესაბამისად, ეს ახალი რეგულაცია არის კიდევ ერთი ძალიან დიდი ბარიერი იმისთვის, რომ ჩვენ სტუმარი მივიღოთ. ვხვდებით, რომ პანდემია ყველას ეხება და მხოლოდ ერთი კონკრეტული ადამიანის პრობლემა არ არის, მაგრამ სასტუმროს ერთადერთი შემოსავალია სტუმრები მივიღოთ და ვუმასპინძლოთ რესტორანში. ღონისძიებების ნაწილი, რაც ძალიან დიდი შემოსავალია ნებისმიერი სასტუმროსთვის, დიდი ხანია რაც ჩახსნილი გვაქვს.

ჩვენ უკვე რამდენიმე დღეა ვიცით, რომ კულტურული ღონისძიებები აგვეკრძალა და საახალწლო დღეს 10 არტისტის ჩახსნა მოგვიწია. ეს არ არის პრობლემა, გადავეწყვეთ, უბრალოდ - 2 დღით ადრე, 1 დღით ადრე, ნახევარი საათით ადრე, რაღაც გადაწყვეტილებების მიღება ჩვენთვის ძალიან რთულია, თადარიგის დაჭერის საშუალება რომ გვქონდეს, გაცილებით ადვილი იქნებოდა.

ხომ ძალიან ბევრი ადამიანი დარჩა უმუშევარი, სასტუმროები, მეტნაკლებად, კიდევ ვახერხებთ, რომ კადრები შევინარჩუნოთ. ეს არის კიდევ ერთხელ ცელის გამოსმა. კახეთის სასტუმროში ძალიან ბევრი ადგილობრივი გვყავს დასაქმებული და კიდევ ბევრი ადამიანი შეიძლება დარჩეს უმუშევარი, რადგან, ფიზიკურად, ამ ადამიანების არსებობის საჭიროება აღარ არის.

სასტუმროებს არ აქვთ საშუალება, არ მოგვცეს საშვები პერსონალზე. შესაბამისად, ამ ადამიანების გადაადგილება ჩვენთვის ძალიან დიდი პრობლემაა და არამარტო ჩვენთვის,"-განაცხადა მან.

მისივე განცხადებით, კიდევ ერთი პრობლემა არასტაბილური გარემოა, რომელიც პარტნიორებთან ურთიერთობისას დამატებით უხერხულობებს ქმნის. 

"ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ შევინარჩუნოთ კადრები და, ჯერ ჯერობით, არავის გათავისუფლება არ მოგვიწია, რადგან რაღაცნაირად გადავაწყვეთ გრაფიკი. არ ვიცი დიდი სასტუმროებში რა ხდება, სადაც 100-150 ნომერზე მეტია, წარმოდგენაც არ შემიძლია, რამდენი ადამიანი დარჩა უსამსახუროდ. თანხებზე კონკრეტულად ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ოქტომბრის შემდეგ, მინიმუმ, 20 ღონისძიება გვაქვს გაუქმებული და ეს არ არის 10-15 კაციანი ღონისძიებები; ეს არის ქორწილი, უცხოეთიდან სტუმრები, ვისთვისაც გვქონდა მიწოდებული ინფორმაცია, რომ ვიხსნებით და უცებ აღმოჩნდა, რომ არ ვიხსნებით. ეს არასტაბილურობა პარტნიორებთანაც ძალიან უხერხულ სიტუაციას გვიქმნის,"-განაცხადა მან.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, 24 დეკემბერს რეგულაციები მხოლოდ ნაწილობრივ შემსუბუქდება. ამასთან, მათივე გადაწყვეტილებით, სასტუმროს რესტორნებს საკუთარი სტუმრების მიღება 21 საათის შემდეგ აღარ შეეძლებათ. 

დღის ამბები