ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში მინიმუმ 2 ექიმების გადაწყვეტილებაა საჭირო "რემდესივირის" მისაღებად. ტიკარაძის თქმით, პაციენტი პრეპარატს თვითნებურად ვერ მიიღებს.
გარდა ამისა, ტიკარაძის თქმით, ჯანდაცვის სექტორი დარწმუნებულია პრეპარატის უსაფრთხოებაში.
"მე დავეთანხმები ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორს და ნამდვილად მივიჩნევ, რომ მოლოდინების შექმნა არ შეიძლება პრეპარატ "რემდესივირთან" დაკავშირებით. ეს პრეპარატი მიიღება ძალიან მკაცრი გადაწყვეტილებით, კონკრეტულ პაციენტებზე, რომლებზეც ექიმები დარწმუნებული არიან, რომ ისინი მიიღებენ საუკეთესო გამოსავლებს. რაც შეეხება პრეპარატის უსაფრთხოებას, ჩვენ დარწმუნებულები ვართ პრეპარატის უსაფრთხოებაში, გამომდინარე იქიდან რომ პრეპარატს აქვს მიღებული "ეფდიაის" დადებითი მაჩვენებელი და ასევე ის არის შეტანილი ამერიკის ინფექციონისტთა ასოციაციის პროტოკოლში. შესაბამისად, ჩვენ პრეპარატის გამოყენების კუთხით ვიხელმძღვანელებთ ამ პროტოკოლით. მხოლოდ მინიმუმ 2 ექიმების გადაწყვეტილებაა საჭირო პრეპარატის მისაღებად. ჩვენ შევქმენით ის მექანიზმი, რომლითაც დარწმუნებულები ვართ, რომ თითოეული პაციენტი, რომელიც თანხმობის მიცემის შემთხვევაში მოიხმარს ამ პრეპარატს, მათთვის უზრუნველყოფილი იქნება ის უსაფრთხო გარემო და მონიტორინგი, რომელსაც საჭიროებს პრეპარატის მიღების შემდეგ თითოეული პაციენტი," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.