სამედიცინო ცენტრ ”მზიური მედის” ექიმ-პედიატრმა თემურ მიქელაძემ "დღის კურიერის" ეთერში ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობაზე ისაუბრა.
მისი ინფორმაციით, ბოლო პერიოდში გაიზარდა 10-დან 18 წლამდე ასაკის მოზარდების მომართვიანობა, რაც მათ მიერ მოწყობილ სხვადასხვა შეკრებასა და ღონისძიებას უკავშირდება.
"თუ აქამდე მომართვიანობა იყო 5 წლამდე ასაკის ბავშვების, შემდეგ კი, როდესაც ბაღები და სკოლები გავხსენით, მომართვიანობა იყო სკოლის ასაკში, ახლა მომართვიანობა გაზრდილია 10-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვების. ეს გამოწვეულია იმით, რომ ამ ასაკის თინეიჯერები აწყობენ შეკრებებს, ფართებს, დაბადების დღეებს იხდიან, ზოგ შემთხვევაში ქირაობენ სახლებს და ა.შ. მე მინდა მათ ვთხოვო, განსაკუთრებით წინასაახალწლო პერიოდში, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ასეთი აქტივობებისაგან,"-განაცხადა ექიმმა.
თემურ მიქელაძის რეკომენდაციით, სასურველია ბავშვები სუფთა ჰაერზე გაიყვანონ დღეში ნახევარი საათით, თუმცა, უნდა ეცადონ, რომ მოარიდონ სხვა ბავშვებს.
"რა თქმა უნდა, ბავშვები უნდა გავიყვანოთ სუფთა ჰაერზე, მაგრამ გარკვეული დროით. მე ორიოდე დღის წინ მომიწია რუსთაველზე გავლა რაღაც საქმესთან დაკავშირებით და იყო, პრაქტიკულად, ყველა ასაკის ბავშვი, სხვადასხვა აქტივობებში იყვნენ ჩართულები, იღებდნენ ქუჩაში მომზადებულ პოპკორნს და ა.შ. თუ ასეთი აქტივობებით გავიყვანთ ბავშვებს, მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს ამ ინფექციის ფართომასშტაბიან გავრცელებას. მესმის, რომ ონლაინგაკვეთილები, ეკრანდამოკიდებულება დიდი სტრესია როგორც ბავშვისთვის, ისე მშობლისთვის, მაგრამ დღევანდელი ეპიდემიოლოგიური სიტუაცია გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავიყვანოთ ბავშვები ეზოში და რეკრეაციულ სივრცეში, მაგრამ უნდა მოვარიდოთ ერთმანეთს და არა ისე, რომ ბავშვებმა ჯგუფურად ითამაშონ. მე ვვარაუდობ, რომ ყველაფერი ივნისის თვიდან უკვე უნდა გაუმჯობესდეს,"-განაცხადა თემურ მიქელაძემ.