პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ მთავრობამ შეძლო პენსიის ზრდის საკითხი ისე გაემყარებინა კანონმდებლობით, რომ არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული თემა.
მისივე თქმით, ეს იყო სწორი, თამამი და ძლიერი გადაწყვეტილება.
"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ წინა მოწვევის პარლამენტთან ერთად შევძელით საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა ჩვენი პენსიონერების პენსიის ზრდა და ეს არანაირად არ ყოფილიყო პოლიტიკურად ანგაჟირებული საკითხი. ეს იყო კარგი, სწორი თამამი და ძლიერი გადაწყვეტილება, რომელმაც უზრუნველყო ჩვენი პენსიონერებისთვის პენსიის ზრდა. შეიძლება ვიდავოთ იმაზე საკმარისი არის თუ არა, რა თქმა უნდა ეს არ არის საკმარისი, თუმცა ჩვენ პირდაპირ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის მიბმული ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებასა და ეკონომიკურ ზრდაზე,"-აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.