ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი, იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, ურჩევს 1 თვის განმავლობაში არ აიცრან.
"რადგანაც მსოფლიოში ჯერ არავინ იცის რეინფიცირების მასშტაბი როდის იქნება. ამიტომ, დღეისათვის მიღებულია, რომ თუკი პრიორიტეტული იქნება ვაქცინების განაწილება, ამ შემთხვევაში, შესაძლოა, ინფექციის გადატანიდან 1 თვის განმავლობაში არ აიცრას ახლადგადატანილი ინფექციის მქონე ადამიანი. თუმცა, გრძელვადიან პერსპექტივაში ყველას მოუწევს ვაქცინაციის ჩატარება,"- აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
მან იმ ალერგიულ მახასიათებლებზეც ისაუბრა, რომელიც ვაქცინამ შეიძლება გამოიწვიოს და აღნიშნა, რომ თუკი ადამიანს რთული ალერგიული რეაქციები არ აქვს, ვაქცინის გაკეთების წინაღობა არ არსებობს.
"რთული ალერგიული რეაქციების გარდა, ვაქცინის არ გაკეთების წინაღობა არ არის. რეკომენდაცია არის ის, რომ თუკი ალერგიულია ადამიანი, ვაქცინის ადმინისტრირების შემდეგ, 15-დან 30 წუთამდე სასურველია იყოს იმ ადგილას, სადაც ვაქცინას გაიკეთებს და ამ დროის გავლის შემდეგ დატოვოს სამედიცინო დაწესებულება,"- აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.
ბიძინა კულუმბეგოვმა, ასევე ახალ შტამზე ისაუბრა ის განაცხადა, რომ ახალი შტამის გამოკვლეული შემთხვევების უმეტესი ნაწილი ბავშვებში ჭარბობს, თუმცა კულუმბეგოვი აღნიშნავს, რომ ახალგაზრდა ადამიანების იმუნური სისტემა ბევრად უკეთ ფუნქციონირებს და ამიტომ სახიფათო არაფერია.
"ბრიტანეთში გამოკვლეული 1000-ზე მეტი შემთხვევიდან, შედარებით ამ ახალი შტამის მატარებლებში ბავშვთა ასაკი ჭარბობს.
ჩვენ მთელი ეპიდემიის მანძილზე დამშვიდებულები ვიყავით, რომ ბავშვები ნაკლებად მოწყვლადები იყვნენ. თუმცა კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ახალგაზრდა ადამიანების იმუნური სისტემა უკეთესად ფუნქციონირებს და დარწმუნებული ვარ, რომ ეს დაავადების სიმძიმეში არ გადაითარგმნება,"-აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.