19 ნოემბერი 2024,   10:47
ვრცლად
დეპუტატების ნაწილს ხელფასები არ ჩაერიცხათ - იაგო ხვიჩია ამბობს, რომ მათ ხელფასის გადანაწილების საკუთარი გეგმა ჰქონდათ

ბარიერგადალახული დეპუტატების ნაწილმა, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში არიან, ხელფასები ჩაერიცხათ. მათ შორის, ნატო ჩხეიძეს, რომელმაც ამის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერა და თქვა, რომ არ იცის რა უყოს თანხას. 

დეპუტატის ხელფასი ჩაერიცხა ელენე ხოშტარიასაც, რომელმაც თანხა უკან, ხაზინაში დააბრუნა.

დეპუტატის ხელფასი არ ჩარიცხვია პარტია "მოქალაქეების" გენერალურ მდივანს, ლევან იოსელიანს. ამის შესახებ მან "ღამის კურიერში" განაცხადა. 

მისი თქმით, იმისთვის რომ ხელფასი ჩარიცხვოდა, გარკვეული მოქმედებები იყო საჭირო. როგორც ლევან იოსელიანი ამბობს, ამისთვის რეკვიზიტები უნდა გადაეგზავნა, თუმცა ეს არ გაუკეთებიათ, შესაბამისად, არც ხელფასი ჩაერიცხებოდა. 

"ხელფასი არ ჩამრიცხვია. ამისთვის საჭირო იყო, რომ ჩვენ რაღაც პროაქტიული მოქმედება შეგვესრულებინა. უნდა მიგვემართა, გაგვეგზავნა ჩვენი რეკვიზიტები და ამის შემდეგ ისინი მოახდენდნენ ანგარიშსწორებას, შესაბამისად, ასეთი რამ არ გაგვიკეთებია და არც გავაკეთებდით. ამიტომ, ხელფასი ჩვენ ვერ ჩაგვერიცხებოდა,“ - ამბობს ლევან იოსელიანი.

ხელფასი არ ჩარიცხვია ბოიკოტის რეჟიმში მყოფ პოლიტიკური გაერთიანება ”გირჩის” თავმჯდომარეს, იაგო ხვიჩიას, რომელიც ამბობს, რომ რომც შესულიყვნენ პარლამენტში, ხელფასის გადანაწილების საკუთარი გეგმა ჰქონდა.

"რომც გვემუშავა და რომც შევსულიყავით, ჩვენ გვქონდა ჩვენი ხელფასის გადანაწილების ჩვენი წესი. ხელფასს არ ვიღებთ გირჩის პოლიტიკოსები, მეც და სხვაც. ჩვენ გვყავს ჩვენი შემომწირველები, ანუ ადამიანები, რომელთა სახელითაც ვმოქმედებთ. ამიტომ, ვაპირებდით, რომ ეს ხელფასი თანაბრად გადაგვენაწილებინა ტოპ 10 ადამიანზე, რომლებმაც პრაიმერიზში მხარი დაგვიჭირა, ასეთ გეგმაზე ვფიქრობდით,“ - ამბობს იაგო ხვიჩია.

 

დღის ამბები