19 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
საქსტატის ახალი მეთოდოლოგიით, საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით გაიზარდა

ახალი სტანდარტით, 2020 წლის III კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.2 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 17 პროცენტი შეადგინა,- ამის შესახებ "საქსტატის" მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია აღნიშნული, რომელიც ახალი მეთოდოლოგიით დათვლილ მოსახლეობის ეკონომიკური აქტივობის მაჩვენებლებს ასახავს.

"საქსტატის" ინფორმაციით, ახალი სტანდარტის დანერგვით გამოწვეული მონაცემთა გადაანგარიშების შედეგად, ადრე გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით გაიზარდა უმუშევრობის დონე და შემცირდა დასაქმების დონის მაჩვენებელი. ამასთან, ახალი სტანდარტით, ძველ სტანდარტთან შედარებით, უმუშევრობის დონე გაცილებით მაღალია სოფლის ტიპის დასახლებებში (დაახლოებით 3-ჯერ), ხოლო ქალაქის ტიპის დასახლებებში განსხვავება შედარებით უმნიშვნელოა.

ახალი სტანდარტის მიხედვით დასაქმების დონე 13-15 პროცენტული პუნქტით დაბალია ძველ სტანდარტთან შედარებით. ახალი სტანდარტის დანერგვით მნიშვნელოვნად შემცირდა თვითდასაქმებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში (2019 წელს 49.7%-დან შემცირდა 30.7%-მდე). ამასთან, ახალი სტანდარტის დანერგვით შემცირდა ასევე მოსახლეობის ეკონომიკური აქტიურობის დონე, რაც დაკავშირებულია თვითდასაქმებულთა მნიშვნელოვანი ნაწილის გადაკვალიფიცირებასთან.
"2020 წლის III კვარტალში დასაქმების დონე როგორც ქალებში, ასევე კაცებში შემცირებულია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, შესაბამისად 1.7 და 0.7 პროცენტული პუნქტით",-აღნიშნულია ანგარიშში.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის "საქსტატი" აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე აცხადებს, რომ 443 000 თვითდასაქმებულის გადაკვალიფიცირება მოხდა სხადასხვა კატეგორიაშო.

"443 000 თვითდასაქმებულის გადაკვალიფიცირება მოხდა სხადასხვა კატეგორიაში. აქედან გარკვეული ნაწილი, 58 000 გადაკვალიფიცირდა უმუშევართა კატეგორიაში, რამაც განაპირობა უმუშევართა დონის ამაღლება,"-აღნიშნა გოგიტა თოდრაძე.

 

დღის ამბები