05 სექტემბერი 2026,   15:18
ვრცლად
ახალი მავთულხლართები ფახულანთან - უკვე არსებული მავთულხლართების უკან, ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი დაიწყო

ახალი მავთულხლართები ფახულანთან. საოკუპაციო რეჟიმმა წალენჯიხის რაიონში, საოკუპაციო ძალების ე.წ. საგუშაგოსთან, უკვე არსებული მავთულხლართების უკან, ახალი უკანონო ე.წ. ბროდერიზაციის პროცესი დაიწყო. დაამონტაჟეს ახალი კონსტრუქციები. ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

ოფიციალური თბილისი აცხადებს, რომ ეს არის მორიგი დესტრუქციული ნაბიჯი, რაც კიდევ უფრო მეტ პრობლემებს უქმნის მოსახლეობას და ამძიმებს უსაფრთხოების გარემოს. ფაქტის შესახებ ინფორმირებულები არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და საერთაშორისო პარტნიორები.

დაახლოებით 10 დღის წინ განაახლეს საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა უკანონო ბორდერიზაციის პროცესი. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანში საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ისინი, როგორც ადგილობრივები "კურიერს" უყვებიან, ღამის საათებში მუშაობენ და ეს ხდება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებად, ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

აქ არის განთავსებული ახალი ბოძები, რომლებზეც სავარაუდოდ ახალი მავთულხლართები გაივლება. როგორც ადგილობრივები ყვებიან, ოკუპანტები ამატებენ და ცვლიან ბოძებს.

რაც შეეხება ადგილზე არსებულ ვითარებას, ადგილზე იმყოფებოდნენ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები. "კურიერი" მათ გაესაუბრა. ისინი ამბობენ, რომ გარკვეულ ტერიტორიაზე, მას შემდეგ, რაც ენგურის ხიდზე ე.წ. საზღვარი ჩაიკეტა და პერიოდულად იხსნება, მოქალაქეები ახერხებდნენ სხვადასხვა ნივთების ერთმანეთისთვის გადაწოდებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ახალი ბორდერიზაციის პროცესი დაიწყო შეიძლება ითქვას, რომ ეს პროცესი შეწყდა.

დღის ამბები