19 ნოემბერი 2024,   10:34
ვრცლად
კომისია ხვალ იმსჯელებს და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას - დავით ნარმანია ელექტროენერგიის ტარიფის შესაძლო ზრდაზე

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარე დავით ნარმანია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებას ეხმაურება და აცხადებს, რომ სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა აუდიტი დაასრულა და ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ აქვთ.

ნარმანია დეტალებზე არ საუბრობს და აცხადებს, რომ ყველაფერი ხვალინდელ სხდომაზე გახდება ცნობილი.

"სემეკის ტარიფების და ეკონომიკური ანალიზის დეპარტამენტმა დაასრულა აუდიტი, ყველა ძირითადი პარამეტრები ხელთ გვაქვს. აღნიშნულ საკითხზე კომისია ხვალ, სხდომაზე იმსჯელებს და მიიღებს ობიექტურ და დაბალანსებულ გადაწყვეტილებას. ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენი გადაწყვეტილება იქნება ობიექტური და ის პარამეტრები, რაც დამტკიცდება, იქნება ორიენტირებული ხარისხიანი და უსაფრთხო ენერგიის მიწოდებაზე.

ჩვენ კომპანიებთან გვაქვს მუდმივად დავა. კომპანიების ამოცანაა, რაც შეიძლება მეტის გათვალისწინება, თუმცა, ჩვენ გვაქვს ჩვენი დღის წესრიგი, ფორმულები, დაანგარიშების კონკრეტული წესები და აქედან გამომდინარე, ვიღებთ იმ ობიექტურ გადაწყვეტილებებს,"- განაცხადა დავით ნარმანიამ.

არ არის გამორიცხული ქვეყანაში ელექტროენერგიის ტარიფი გაიზარდოს. საუბარია მილიონ 200 ათასამდე აბონენტზე. სემეკს ამ მოთხოვნით "ენერგო-პრო ჯორჯია" მიმართავს, რომელიც ელექტროენერგიით რეგიონებს ამარაგებს.

კომპანია აცხადებს, რომ სამომხმარებლო ტარიფის ზრდა აუცილებელია, რადგან დღეს მოქმედი ტარიფი, რომელიც 3 წლის ვადით 2018 წლის 1 იანვრიდან დადგინდა, ვერ ანაზღაურებს დრამატულად გაზრდილ ხარჯებს. კომპანია ამბობს, რომ თუ სრულად არ დაფინანსდა შესყიდული ელექტროენერგიის ხარჯი და საინვესტიციო პროექტები, კომპანია ვერ განაგრძობს ოპერირებას და რისკის ქვეშ დადგება ელექტრომომარაგების საკითხი. "ენერგო პროჯორჯია" პასუხისმგებლობას სემეკს აკისრებს და აცხადებს, რომ ბოლო რამდენიმე კვირაა გრძელდება მწვავე განხილვები არაერთ შეუთანხმებელ საკითხზე. ხვალ კომპანიის მოთხოვნას სემეკი სხდომაზე განიხილავს.

დღის ამბები