გელათის მონასტერში შექმნილ მდგომარეობასთან დაკავშირებით, ოფიციალური წერილით საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა განათლების და კულტურის სამინისტროს უკვე მიმართეს. ეპისტოლე 2020 წლის 25 დეკემბრით თარიღდება. სპეციალისტების მტკიცებით, ისტორიული ძეგლის სახურავზე შესრულებული სამუშაოების ხარვეზების კომბინაციის მიზეზი პროფესიული კვალიფიკაციის დაბალი ხარისხია. მიმართვის ავტორები ტაძრის პრობლემების მართვაში ექსპერტების ჩართვას ითხოვენ.
რეაბილიტაციის პროცესში დაშვებული უზუსტობა საგანგაშოა ჩუბინაშვილის სახელობის ეროვნული ცენტრის მეცნიერ-თანამშრომლებისთვისაც. საზოგადოებრივი ორგანიზაცია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის და რესტავრაციის სფეროში პრობლემებზე უკვე ღიად საუბრობს. სპეციალისტების განცხადებით, კრიტიკული მდგომარეობა არა მხოლოდ გელათის მთავარ ტაძარში, არამედ კომპლექსში შემავალ წმინდა გიორგის ეკლესიაშიც ცხადია.
წმინდა გიორგის ტაძარზე დროებითი გადახურვის საჭიროებას ვერ ხედავენ განათლების და კულტურის სამინისტროში. წერილის ადრესატების მტკიცებით, მიმართვის ავტორები არაინფორმირებულნი არიან და გელათის სამონასტრო კომპლექსს ამ დროისთვის საფრთხე არ ემუქრება. რაც შეეხება სპეციალისტების შეთავაზებას, უწყებაში კომუნიკაციისთვის მზად არიან.
მეთორმეტე საუკუნის ძეგლზე პრობლემები მარტიდან გამოიკვეთა. მას შემდეგ რაც, კრამიტმა ნესტს ვერ გაუძლო და დასკდა. ახლა ტაძარს გაზაფხულამდე, ზამთრის ცივი დღეებისგან დროებითი გადახურვა იცავს. უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებზე დაწყებულია გამოძიებაც.
შეიქმნება თუ არა გელათზე მომუშავე ჯგუფი და როგორ დაკომპლექტდება ექსპერტთა პლატფორმა, უკვე წერილის ადრესატსა და მიმართვის ავტორების თანამშრომლობა განსაზღვრავს.