19 ნოემბერი 2024,   10:36
ვრცლად
დავით ნარმანია ელექტროენერგიაზე 3,5 თეთრით გაზრდილ ტარიფს ოპტიმალურს უწოდებს

სემეკის თავმჯდომარის დავით ნარმანიას განცხადებით, ელექტროენერგიაზე გაზრდილი ტარიფის ოდენობა ამ ეტაპისთვის ოპტიმალური გადაწყვეტილებაა. 

"მოსახლეობის ნაწილში ტარიფების ზრდა როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში შეადგენს 3.5 თეთრს, ხოლო რაც შეეხება კომერციულ მომხმარებლებს, აქ 3 ტიპის ძაბვის საფეხური გამოიყოფა, თითოეულ საფეხურზე დადგენილ იქნა ცალ-ცალკე ტარიფები: 11, 12, 13 თეთრია მიახლოებით ზრდა. ამ ეტაპისთვის ჩემი აზრით მივიღეთ ოპტიმალური გადაწყვეტილება.

ტარიფების ზრდაზე რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა. პირველ რიგში ეს არის პანდემია და პანდემიიდან გამოწვეული მოხმარების შემცირება, რაც კომპანიებმა წარმოადგინეს, მინიმუმ ერთნახევარჯერ მეტი იქნებოდა ტარიფი, რომლის დადგენაც ჩვენ დღეს მოგვიწევს," - განაცხადა დავით ნარმანიამ.

საქართველოს ენერგეტიკის და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი გიორგი ფანგანი განმარტავს, რომ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, ვისაც მრიცხველი უყენია გაიზარდა 50 თეთრამდე, ხოლო ვინც სულადობის მიხედვით იხდის დენის ტარიფი მათთვის 4.5 ლარამდე გაიზარდა.

"საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, ვისაც მრიცხველი უყენია იყო 33 თეთრი და გახდა 50 თეთრი. იმ საყოფაცხოვრებო მომხმარებლის ტარიფი, ვისაც არ უყენია მრიცხველი და შესაბამისად იხდიან სულადობის მიხედვით, იყო 3.90 ლარი და გახდა 4.5 ლარი.

ხოლო არასაყოფაცხოვრებო თარიღი 4.4-დან ავიდა 6.5 ლარზე. იმისათვის, რომ კომპანიას გაეგრძელებინა ოპერირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ტარიფების გადახედვა," - აცხადებს გიორგი ფანგანი.

ენერგოომბუდსმენი სალომე ვარდიაშვილის თქმით, ენერგომომარაგების კომპანიები თავდაპირველი ვერსიით წარმოდგენილი ყველა ხარჯის გათვალისწინებას მოითხოვდნენ, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.

"მეტი შედეგი დადებითი თვალსაზრისით შეუძლებელი იყო. რა თქმა უნდა კომპანიები მოითხოვდნენ ყველა იმ ხარჯის გათვალისწინებას, რომელიც თავდაპირველი ვერსიით წარმოადგინეს, თუმცა მარეგულირებელმა კომისიამ მიიღო აღნიშნული გადაწყვეტილება.

მოსალოდნელი იყო, რომ მთავრობა შემოგვთავაზებდა თავის გადაწყვეტილებას სოციალურ სუბსიდირებასთან დაკავშირებით და ეს აუცილებელია, ვინაიდან ყოველგვარი ზრდა ტარიფის უარყოფითად აისახება მომხმარებლის ინტერესებზე," - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.

შეგახსნებთ, სემეკის გადაწყვეტილებით, საყოფაცხოვრებო მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3.5 თეთრით იზრდება. ელექტროენერგიის გაძვირებული ტარიფი 1 იანვრიდან ამოქმედდება.

დღის ამბები