ენერგოომბუდსმენის სალომე ვარდიაშვილის განცხადებით, მარეგულირებელმა კომპანიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო. თუმცა, ენერგოომბუდსმენის შეფასებით, ნებისმიერი ზრდა, თუნდაც იყოს ის ერთთეთრიანი, უარყოფითად აისახება მომხმარებლისთვის.
"მარეგულირებელმა კომისიამ გაითვალისწინა აბსოლუტურად ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ჩემი მხრიდან იყო წარდგენილი. ასევე, თავისი ინიციატივით არ ჩათვალა საჭიროდ მთელი რიგი ისეთი დანახარჯები, რომელიც მიიჩნია, რომ არ იყო აუცილებელი კომპანიის ნორმალური ფუნქციონირებისთვის, ან სათანადო მომსახურების მისაწოდებლად. ჯამში, რომ გითხრათ თანხობრივად, "თელასის" შემთხვევაში 16 მილიონი ლარი ამოირიცხა ასეთი დანახარჯებიდან, ხოლო "ენერგო-პროს" შემთხვევაში, 12 მილიონი ლარი. ამიტომაც, აბსოლუტურად მესმის კომპანიების გაღიზიანება და ის არგუმენტი, რომ არ არის ტარიფი სწორედაც იმ შემადგენლობის, რა შემადგენლობისაც უნდა იყოს. მაგრამ, მარეგულირებელმა კომისიამ, ვფიქრობ, რომ მიიღო სწორი გადაწვეტილება ამ შემთხვევაში და ის დანახარჯები, რომელიც აუდიტთან ერთად არ ჩათვალა საჭიროდ, აბსოლუტურად ამორიცხა და მიუხედავად ამისა, ტარიფი მივიღეთ მაინც ამ რაოდენობის.
ვერ ვიტყვი იმას, რომ ტარიფის ზრდა არ იქნება მტკივნეული. ნებისმიერი ზრდა, თუნდაც იყოს ის ერთთეთრიანი, რა თქმა უნდა, უარყოფითია მომხმარებლებისთვის. უარყოფითად აისახება მათ ინტერესებზე და ნებისმიერ შემთხვევაში ხარჯებს ზრდის, მითუმეტეს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაში. თუმცა მე უბრალოდ ვაკეთებ შეფასებას, თვითონ მარეგულირებელი კომისიის მხრიდან, დაირღვა თუ არა რაიმე, ან გააკეთა თუ არაა რაიმე მარეგულირებელმა კომისიამ. რა თქმა უნდა, ეს მატერიალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახებოდა. სწორედ ამიტომაც შემოგვთავაზა მთავრობამ სუბსიდირების პროგრამა," - განაცხადა ენერგოომბუდსმენმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.
ენერგოომბუდსმენის შეფასებით, სუბსიდირების პაკეტი მთავრობის მიერ არის აბსოლუტურად ნორმალური, სწორად ნაფიქრი და გათვლილი.
"ჯამში 1 700 000 მომხმარებლიდან სუბლისდირება ეხება 1 650 000-ს, რაც არის 96% მომხმარებლების. სუბსიდირებაში ვერ ჩაჯდა მხოლოდ მესამე საფეხურის მომხმარებლები, რომლებიც თვეში სამას კილოვატ საათზე მეტს ხარჯავენ. ასე რომ ეს არის მხოლოდ 66 000 ასეთი აბონენტი და შეადგენს სრული რაოდენობის 4%-ს, ასე რომ სუბსიდირების პაკეტი არის აბსოლუტურად ნორმალური, სწორად ნაფიქრი და გათვლილი. ეს გაძვირება არ დაეტყობა მომხმარებლის ჯიბეს," - განაცხადა სალომე ვარდიაშვილმა.
ამასთან, ენერგოომბუდსმენის განცხადებით, წყლის გადასახადის გადასახადის გაზრდა არ იყო სპონტანური გადაწყვეტილება და 6 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა ამაზე მუშაობა.