ფონდ "მსოფლიო გამოცდილება საქართველოსთვის" დირექტორი ენერგეტიკის საკითხებში, მურმან მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ კომუნალური გადასახადების ტარიფის ზრდა ნორმალურია, რადგან ენერგიის მიწოდების ღირებულება ბოლო 10 წლის განმავლობაში არ გაზრდილა, მოხმარება კი საგრძნობლად გაიზარდა.
როგორც ექსპერტმა "დღის კურიერის" ეთერში აღნიშნა, გაზრდილი ტარიფის პირობებში, სახელმწიფო მხოლოდ მოწყვლად სოციალურ ფენას, ან პანდემიით დაზარალებულ ბიზნესს უნდა დაეხმაროს.
"მგონი, ჩვენ დიდი ხანია გვმართებს თავი დავანებოთ ამ ტარიფზე, როგორც მითოლოგიურ სფეროზე ყურებას, აღშფოთების საგნად გამოცხადებას და ა.შ. ტარიფის დათვლა უნდა იყოს სემეკის მოვალეობა, როგორც აპოლიტიკური პროფესიული ორგანიზაციის. ანუ, სემეკის ამოცანაა დათვალოს,თუ რა ღირს ჩვენთვის ენერგიის მიწოდება. ამისთვის აქვს მას მეთოდოლოგია, ეკონომიკური გათვლები კეთდება დადგენილი და გასაგები, გამჭვირვალე პრინციპების საფუძველზე და, ამის შედეგად, მიღებული ტარიფი არც მოსახლეობისთვის და არც ჟურნალისტებისთვის არ უნდა იყოს აღშფოთების, შეშფოთების და ასეთი გრძნობების საგანი. ეს უნდა ავიღოთ, როგორც მოცემული რეალობა და შემდეგ ვიფიქროთ, ამასთან როგორ უნდა ვიმუშაოთ და არა ვებრძოლოთ.
გასაგებია, რომ ეს რთულ პერიოდს ემთხვევა, მაგრამ მოულოდნელი ნამდვილად არ არის, რადგან ბოლო 10 წლის განმავლობაში, ენერგიის ტარიფები იყო ერთი გამორჩეული პროდუქტი, რომელზეც ფასმა არ მოიმატა და პირიქით მოიკლო. ამიტომ, ეს აბსოლუტურად მოსალოდნელი იყო, რადგან სისტემას, რომელსაც სჭირდება მომსახურება, იზრდება იმპორტი, საჭიროა ახალი სადგურების მშენებლობა გაზრდილი მოხმარების გამო, მეტი დანაკარგი გვაქვს აფხაზეთის მხარეს და ა.შ. ბუნებრივია, ეს ყველაფერი დათვლადია და ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენთვის ელექტროენერგიის გრძელვადიანი მიწოდების ღირებულება უნდა გაზრდილიყო ტარიფულ გამოსახულებაში, ეს არის ჯანსაღი გადაწყვეტილება პროფესიულად. მეორე საკითხია, რა ვუყოთ სოციალურ პრობლემებს, ამას ცალკე მუშაობა სჭირდება. გამოსაკვლევია, ვინ არის მოწყვლადი ჯგუფი, ალბათ ეს მთელი მოსახლეობა ან მათი 96% არ არის. გამოსაკვლევია, ვის ესაჭიროება დახმარება და მათ გაეწიოს მიზნობრივი დახმარება. ეს იქნება სწორი მიმართულება, ეს იქნება საბაზრო ეკონომიკის, ევროკავშირის პრინციპების, განვითარების მიმართულება.
ვისაც გვაქვს საკმარისი შემოსავალი, კეთილი უნდა ვინებოთ და გადავიხადოთ, რადგან ეს არ არის დამატებითი გადასახადი, ეს ასე ღირს,"-განაცხადა მან.