19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს უნდა შედგეს

საქართველოს რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები 30 დეკემბერს უნდა შედგეს. არჩევნები იმ შემთხვევაში გაიმართება, თუ რაიმე გაუთვალისწინებელი შემთხვევა არ მოხდა. 

პარალელურად, რამდენიმე კლუბის ხელმძღვანელმა დღეს ღიად ისაუბრა ზეწოლისა და არჩევნების ჩაშლის მცდელობაზე. 

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე რაიმე სახის ზეწოლას გამორიცხავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია არჩევნები დემოკრატიულ და სამართლიან გარემოში ჩატარდეს.

"პირველ რიგში მინდა გამოვრიცხო, რომ არა თუ ჩვენი სამინისტრო, არამედ ნებისმიერი სახელმწიფო ინსტიტუტიდან ხდება რაიმე ზეწოლა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მოხდეს დემოკრატიულ, სამართლიან და თავისუფალ პირობებში.

ერთ-ერთი კანდიდატის მიერ კითხვის ნიშნის ქვეშ იქნა დასმული ლეგიტიმაცია. ჩვენ ამასთან დაკავშირებით გამგეობას მივმართეთ და ვთხოვეთ, რომ კიდევ ერთხელ გადაევლოთ თვალი წესდებაზე და თუ რაიმე კითხვის ნიშანი იყო, რომ ლეგიტიმაცია იქნებოდა დაბალი, კიდევ ერთხელ ემსჯელათ,“ - განაცხადა შალვა გოგოლაძემ.

რაგბის კავშირის გამგეობის წევრი ბათუ კევლიშვილი საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის კანდიდატ ირაკლი აბუსერიძის მომხრეების მიერ ზეწოლაზე საუბრობს.

"ლეგიტიმური ვერ იქნება, იმიტომ, რომ ყოველ შეხვედრაზე ზემოქმედება, ზეწოლა იყო გამგეობის წევრებზე, აბუსერიძის მომხრეების მხრიდან. ყოველ გამგეობაზე ცდილობდნენ და ბოლო გამგეობაც კიდევ აბსოლუტურად მაგალითი იყო იმისა, თუ როგორ შევიდნენ შენობაში და გამგეობას გადაწყვეტილება არ მიაღებინეს. ახლა უნდა ახალი აზრი, ახალი გონება, ახალი შემოქმედება. მე ამ პიროვნებაში, ხურციძეში და მის თანამოაზრეებში ვხედავ ასეთ ადამიანს,“ - აცხადებს ბათუ კევლიშვილი. 

ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი

დღის ამბები