19 ნოემბერი 2024,   10:52
ვრცლად
რუსეთის საელჩოსთან ოკუპანტების მიერ დატყვევებული საქართველოს 4 მოქალაქის გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გაიმართა

რუსეთის საელჩოს წინ ანტისაკუპაციური მოძრაობა "ძალა ერთობაშია" და სამოქალაქო აქტივისტები საოკუპაციო ძალების მიერ დატყვევებული საქართველოს 4 მოქალაქის - გენადი ბესტაევის, ზაზა გახელაძის, ლაშა ხეთერელისა და ირაკლი ბებუას გათავისუფლებას ითხოვენ და ტყვეების გასათავისუფლებლად ქვეყნის მასშტაბით კამპანიას იწყებენ. კამპანიას პოლიტიკური და სამოქალაქო აქტივისტები უერთდებიან.

ისინი პერმანენტულ აქციებს აანონსებენ და ხელისუფლებას რეაგირებისკენ მოუწოდებენ.

“რუსების ტყვეობაში დღეს, საქართველოს 4 უდანაშაულო მოქალაქეა. ჩვენი ვალია მათ გასათავისუფლებლად გამოვიყენოთ ყველა ჩვენთვის ხელმისაწვდომი მექანიზმი. მაშინ, როდესაც ხელისუფლება უფრო და უფრო პრორუსულ პოლიტიკას ეწევა, სამოქალაქო საზოგადოებამ, მედიამ და ოპოზიციამ უნდა გააკეთონ ყველაფერი ამ პრობლემის მოსაგვარებლად".

“საქართველოს მთავრობა არამხოლოდ არაფერს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების რუსული ტყვეობიდან გამოსახსნელად, ის ასევე ტრადიციულად მაქსიმალურად მალავს ასეთ ფაქტებს, რომ საზოგადოებას მის მიმართ არ გაუჩნდეს კითხვები და მოთხოვნები. საქართველოს კონსტიტუცია ერთნაირად ავალდებულებს მთავრობას დაიცვას ყველა საქართველოს მოქალაქე ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად. მთავრობას ამისათვის აქვს საკმარისი ბერკეტები, რომელიც რატომღაც იგნორირებულია,“ - აცხადებს დავით ქაცარავა.

ანტიოკუპაციური მოძრაობა „"ძალა ერთობაშია" ტყვეების დასახსნელად ქვეყნის მასშტაბით კამპანიას იწყებს. ჩვენ მივმართავთ ოფიციალური წერილებით ყველა შესაბამის სახელმწიფოს ორგანოს და საერთაშორისო ორგანიზაციას, ჩვენ ვუზრუნველჰყოფთ ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებას ამ პრობლემის შესახებ მთავრობის ხელის შეშლის მიუხედავად. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა შესაძლებელ ინსტიტუციას, სტრასბურგის სასამართლოს ჩათვლით, ადამიანების გასათავისუფლებლად და ამ მავნე პრაქტიკის შესაჩერებლად. დაგეგმილია პეტიციის გავრცელება, აქციები გატაცების ადგილებიდან და ენგურის ხიდთან” - აცხადებს ერთ -ერთი აქტივისტი.

დღის ამბები