რაგბის კავშირი პრეზიდენტს ირჩევს. ყრილობა 2 საათზე იწყება. არჩევნებში 3 კანდიდატია - ბაჩო ხურციძე, გოჩა სვანიძე და ირაკლი აბუსერიძე. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ შესაძლოა ამ კანდიდატებიდან ორს არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღო. მათგან ერთი, ბაჩო ხურციძე არჩევნებს არალეგიტიმურად თვლის.
რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები ბოლო ერთი წლის განმავლობაში სხვადასხვა მიზეზების გამო, რამდენჯერმე გადაიდო და დღესაც არსებობს საშიშროება, რომ ყრილობა ისევ არ შედგეს.
"ვიმედოვნებ, რომ ყველა კლუბი გადადგამს იმ ნაბიჯს, რაც არის რაგბის კეთილდღეობისთვის უკეთესი. აქ არ არის მარტო ჩემი ინტერესი, აქ არის ქართული რაგბის ინტერესი. ამიტომ, მე დარწმუნებული ვარ, რომ მივაღწევთ იმ გამარჯვებას და ქართული რაგბი გადავა ახალ ეტაპზე. მე როცა ჩავთვლიდი, რომ ყრილობა არალეგიტიმურია, მე გადავდგამდი იმ ნაბიჯს, რომ კანდიდატურა მომეხსნა,“ – აცხადებს საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ირაკლი აბუსერიძე.
ვეტერანი მორაგბე ბობა კვინიხიძე ამბობს, რომ არჩევნები მშვიდ გარემოში ჩატარდება.
"არჩევნები ჩატარდება ძალიან მშვიდ გარემოში. ტერიტორია დაცულია, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟებიც მოდიან ნელ-ნელა და იცავენ ტერიტორიას და მხოლოდ დელეგატები შემოვლენ დარბაზში და გააკეთებენ იმ არჩევანს, რაც უნდა გააკეთონ და დღეს ყველა კითხვის ნიშანი გაბათილდება,“ - ამბობს ბობა კვინიხიძე.
ავტორი: ჯემალ ფარცახაშვილი