"კურიერის" გუნდი მთელი წლის განმავლობაში მუშაობს იმისთვის, რომ მაყურებელმა გაიგოს სიმართლე, მიიღოს დაბალანსებული, გადამოწმებული და უტყუარი ინფორმაცია.
"კურიერი" უსმენს ყველა მხარეს და აშუქებს ქვეყანაში მიმდინარე მთავარ ამბებს. გუნდმა ერთი წლის განმავლობაში ძალიან ბევრ გამოწვევას გაუძლო, ბევრი დაბრკოლების, წინააღმდეგობის მიუხედავად შეძლო და შექმნა ყველაზე დაბალანსებული და მიუკერძოებელი საინფორმაციო სამსახური, რომელიც ნერგავს და ახორციელებს ჟურნალისტიკის მაღალ სტანდარტებს.
"ეს წელი მართლაც იყო ძალიან რთული. გარდა იმისა, რომ "კოვიდ-19"-ის გაშუქება გვიწევდა, გვიწევდა ასევე პოლიტიკური კრიზისის გაშუქება. როდესაც ვმუშაობთ, ვცდილობთ, რომ ემოციები გამოვრთოთ, მაგრამ ადამიანები ვართ და ამ ემოციების კონტროლი ასე არ ხდება და როდესაც სიცოცხლეს და ჯანმრთელობას ეხება საქმე და ნეგატიური სტატისტიკა არის მზარდი, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენზე ნეგატიურად მოქმედებს," - განაცხადა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა სოფო ოხანაშვილმა.
"ვფიქრობ, ამ ერთ წელში ერთად გავიზარდეთ. ჩამქრალი სტუდია აინთო ხელახლა. ერთმანეთიც გავიცანით და მაყურებელმაც გაგვიცნო და ის სკეპტიკური დამოკიდებულება და კითხვის ნიშნები ჩვენ მიმართ, რაც მათ ჰქონდათ, ვფიქრობ არის პასუხგაცემული," - აღნიშნა "რუსთავი 2"-ის ჟურნალისტმა გურამ როგავამ.