რაგბის კავშირის პრეზიდენტობის ერთ-ერთი კანდიდატი ლაშა (ბაჩო) ხურციძე ჩატარებულ ყრილობას არალეგიტიმურს უწოდებს და არჩევნების შედეგებს ასაჩივრებს. ბაჩო ხურციძემ ერთი საათის წინ საჯარო რეესტრში შეიტანა განცხადება, რომ გუშინდელი საანგარიშო ყრილობის შედეგები გაუქმდეს და ახალი არჩევნები დაინიშნოს.
"უკანონო იყო იმიტომ რომ დანიშნული იყო ეს ყრილობა როგორც გადადებული და არა როგორც მორიგი საარჩევნო ყრილობა. ვადები იყო დარღვეული, დელეგატების ხმის კომპოზიცია იყო შეცვლილი. ხმები რომ ყოფილიყო სხვანაირად დათვლილი ქვორუმიც არ იქნებოდა და სხვა შედეგი იქნებოდა. ეს ყრილობა იყო ვადების დარღვევით დანიშნული შესაბამისად უკანონო საარჩევნო ყრილობა უნდა გაუქმდეს და დაინიშნოს კანონიერი საარჩევნო ყრილობა," - აცხადებს ბაჩო ხურციძე.
არჩევნები გუშინ ჩატარდა გამოცხადდა 43 დელეგატი. ირაკლი აბუსერიძემ 31 ხმა მიიღო, ხოლო გოჩა სვანიძემ -10. ორმა დელეგატმა თავი შეიკავა. კავშირის ხელმძღვანელად 4 წლიანი ვადით ირაკლი აბუსერიძე აირჩიეს.