19 ნოემბერი 2024,   10:48
ვრცლად
პანდემიის წელი და გადარჩენის სიმბოლოდ ქცეული თეთრი ხალათი - საქართველო და მსოფლიო COVID-19-ის პირისპირ

მოვლენა, რომელიც ბევრს ჯერ ცუდი სიზმარი ეგონა. დაბადების ადგილი ჩინეთი, უჰანი, ჰუბაის პროვინცია. პლანეტის მოსახლეობის უდიდეს საფრთხეს სახელი COVID-19 მხოლოდ 2020 წლის თებერვალში დაარქვეს. მსოფლიო პანდემიად კი, ის მარტში გამოცხადდა.

ახალ კორონავირუსს წინაპარი ბევრი ჰყავს: შავი ჭირის და ქოლერის რამდენიმე პანდემია, ყვითელი ცხელება, ებოლა, აზიური და ესპანური გრიპი. მარტო ამ უკანასკნელს სხვადასხვა წყაროების მიხედვით ზუსტად 1 საუკუნის წინ 50-დან ას მილიონამდე ადამიანი შეეწირა. შემდეგ იყო ჰონგ კონგის გრიპი, შიდსი, სარსი, მერსი, ქათმის და ღორის გრიპები... და ბოლოს ახალი კორონავირუსი, რომლის მსხვერპლიც უკვე მილიონ 800 ათასს გადასცდა.

უხილავ მტერთან ბრძოლა მსოფლიომ და საქართველომ გაზაფხულზე დაიწყო და გადამწყვეტი გამარჯვებისთვის ბრძოლა ამ დრომდე გრძელდება. საქართველომ ამ ბრძოლაში ორი ათასზე მეტი მოქალაქე დაკარგა. თუმცა სამედიცინო პერსონალის, სამართალდამცველებისა და ქართველი ჯარისკაცების დახმარებით ერთ-ერთ ყველაზე საშიშ ვირუსს არ დანებდა. ეს განსაკუთრებით ძვირი დაუჯდათ ექიმებს, რომლებსაც ხშირ შემთხვევაში საკუთარი შვილებიც კი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ უნახავთ და ამ წუთებშიც, როდესაც მოქალაქეების უმრავლესობა საახალწლო სუფრასთან ზის, ისინი პაციენტებს უვლიან.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში  წლის მთავარ გმირებად ექიმები და მედ პერსონალი იქცნენ, ვირუსმა არც ისინი დაინდო. თეთრი ხალათი გადარჩენის სიმბოლოდ იქცა. ისტორიას დარჩება ექიმების თავდაუზოგავი მუშაობის ამსახველი ფოტოები და კადრები სადაც სპეცტანსაცმლით აღჭურვილი მედიკოსები პაციენტების განწყობაზეც ზრუნავენ.

პანდემიის დასრულებას დრო სჭირდება, იმედი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაა. ახლა მსოფლიო ელოდება რომელი იქნება პირველი სახელმწიფო, რომელიც კორონავირუსის წამალსაც შექმნის.

დღის ამბები