26 აპრილი 2024,   09:30
ვრცლად
პოლიციამ შვილის მკვლელობაში ბრალდებული 62 წლის ქალი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1958 წელს დაბადებული თ.პ. ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ბორჯომში დააკავეს.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულმა ქალმა შვილს - 1979 წელს დაბადებულ ი.პ.-ს, თავიანთ საცხოვრებელ სახლში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე სასიკვდილო დაზიანება მიაყენა. დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
 
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღეს.
 
ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.
 
დანაშაული 13-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დღის ამბები