19 ნოემბერი 2024,   13:47
ვრცლად
ყველაზე "ცხელი" ახალი წელი საქართველოში - ფეროშენადნობთა ქარხანაში ლითონს 1 500 გრადუსამდე ტემპერატურაზე ადნობენ

ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა - ყველაზე ცხელი ახალი წელი საქართველოში სწორედ აქ დგება. ლითონის გამოდნობა 1500 გრადუსამდე ტემპერატურაზე აქ 31 დეკემბერსაც ჩვეულ რეჟიმში ხდება. სულხან ჭუმბურიძე რამდენიმე ათეული წელია აქ მუშაობს. უკვე ბევრჯერ შეხვდა ახალ წელს ქარხანაში, თუმცა ამბობს, რომ ეს მისი ოჯახია და დღესასწაულებზე მუშაობა დისკომფორტს არ უქმნის.

ახალ წელს ფეროელები სადღესასწაულო განწყობით შეხვდნენ. ყველა დასაქმებულმა განსაკუთრებული სიმბოლური საჩუქარიც მიიღო - შუშხუნა ღვინო ფეროშენადნობი ქარხნის თითოეული თანამშრომლის სახელზე სპეციალურად ჩამოისხა. წახალისებები ქარხანაში მთელი წლის განმავლობაში ხდება. თვის თანამშრომელი სიმბოლურ პრემიას იღებს და მისი ფოტოები ზესტაფონში ბილბორდებზე იფინება. ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულები "კურიერს" უყვებიან, როგორი მოტივაციაა მათთვის აქ მუშაობა. ამბობენ, რომ ყოველდღიურად საკუთარი სამშობლოს წინსვლისთვის ზესტაფონის ქარხანაში იღვწიან.

ლითონით სწორედ ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნიდან მარაგდება ევროპის ბევრ ქვეყანასთან ერთად აშშ და კანადაც. 2021 წელს ქარხანა დიდი გეგმებით ხვდება.

გიორგი ნიკოლაძის სახელობის ზესტაფონის ფეროშენადნობ ქარხანაში ღუმელმა პირველი დნობა 1933 წლის 30 ოქტომბერს, 13:37 საათზე, დაასრულა. ოთხსაამქროიანი რკინის შენადნობთა მწარმოებელი ქარხანა კომპანია "ჯორჯიან მანგანეზის" საკუთრებაშია, რომელიც ასევე ფლობს ჭიათურაში სამთო-გამამდიდრებელ კომბინატს. "ჯორჯიან მანგანეზი" ქვეყნის მთლიან ექსპორტში მესამე ადგილს იკავებს და ქვეყანაში სავალუტო მასის შემოდინებაში დიდი წილი უკავია.

ავტორი: ლიკა ალელიშვილი

დღის ამბები