19 ნოემბერი 2024,   12:42
ვრცლად
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, მიიღოს ყველა ზომა სოფელში მშვიდობის დამყარებისთვის - არასამთავრობო ორგანიზაციები ბუკნარზე

გურიაში განვითარებულ პროცესებს ეხმაურება მესამე სექტორი - არასამთავრობო ორგანიზაციები მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და თვლიან, რომ სახელმწიფოს არასწორმა პოლიტიკამ წაახალისა დანაშაული მუსლიმანი მოსახლეობის წინააღმდეგ. არასამთავრობო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ ეს პრობლემა ახალი არ არის, ამიტომ სახელმწიფომ უნდა გაატაროს პრევენციული ღონისძიებები.

"ჩვენ მთლიანობაში ვლაპარაკობთ რელიგიის თავისუფლების მიმართულებით პოლიტიკის კრიზისზე იმიტომ, რომ ის არ დგას სეკულარულ პრინციპებზე, არ იცავს თანასწორობას და რელიგიური უმცირესობები არაერთ გამოწვევას აწყდებიან. მოვუწოდებთ ხელისუფლებას ერთის მხრივ მიიღოს ყველა ზომა სოფელში მშვიდობის დამყარებისთვის, კონფლიქტის დეესკალაციისთვის, ამისთვის ერთ-ერთი ნაბიჯი არის მუსლიმი თემისთვის მშვიდი და უსაფრთხო გარემოს შექმნა ლოცვისთვის, თუმცა ბუნებრივია, რომ ეს ჭრილობა კონფლიქტის, გაუცხოებისთვის უკვალოდ არ ჩაივლის, ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია სახელმწიფომ პოზიტიური ჩარევით ზომები მიიღოს," - აცხადებს ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი თამთა მიქელაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ მსგავსი ფაქტების დეესკალაცია უნდა მოხდეს.

"ეს უნდა იყოს გამოძიებული, რომ წინა შემთხვევების მსგავსი პრეცენდენტი არ განმეორდეს, როდესაც დაუსჯელობამ გამოიწვია და წაახალისა ზუსტად მსგავსი ტიპის დანაშაულები - ეს ერთი. მეორე - თუნდაც პოლიციის მონაწილეობით უნდა უზრუნველყონ იქამდე ამ ადამიანების უსაფრთხოება და ადამიანების მიერ თავისი რელიგიური პრაქტიკის აღსრულება, ვიდრე არ იქნება ბოლომდე უსაფრთხო და გარანტირებული. არ უნდა იყოს მოლაპარაკებები არავითარ შემთხვევაში რაიმე კომპრომისულ ვარიანტზე," - განაცხადა ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტის გამგეობის წევრმა მაკო ღავთაძემ.

შეგახსენებთ, გურიაში გუშინ მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 35 წლის მამაკაცი დააკავა. გამოძიების ინფორმაციით, მან ურთიერთშელაპარაკების დროს, თანასოფლელებს ქვის გამოყენებით თავის არეში დაზიანებები მიაყენა. დაშავდა ორი ადამიანი. დაპირისპირება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რელიგიურ ნიადაგზე მოხდა. სოფლის მოსახლეობის ნაწილს, მუსლიმურ თემს სოფელში სალოცავის მოწყობა სურს, სოფლის ქრისტიანი მოსახლეობა კი წინააღმდეგია. 

დღის ამბები