19 ნოემბერი 2024,   12:28
ვრცლად
ყველამ უნდა შევუწყოთ ხელი, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს - დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი

შემოქმედის ეპარქიის პრესსამსახურის უფროსი დეკანოზი ბასილ გოგოტიშვილი ამბობს, რომ ყველა მხარემ ხელი უნდა შეუწყოს იმას, რომ სიტუაცია დამშვიდდეს და სოფლის მოსახლეობამ მშვიდობიანად გააგრძელოს თანაცხოვრება:

"დღეს პარაკლისი ჩაატარეს მამებმა იმისთვის, რომ იყოს მშვიდობა. ჩვენი პოზიცია ასეთია, ეპარქიის და ლოცვა-კურთხევა მეუფე იოსების, რომ ყველამ შევუწყოთ ხელი იმას, რომ სიტუაცია დამშვიდდეს, დაპირისპირება აღარ იყოს და ჩვეულებრივად გაგრძელდეს ურთიერთობა იმ მეზობელ ძმებს შორის, როგორც აქამდე იყო. მიეცეთ მუსლიმი თემის წარმომადგენლებს ლოცვის საშუალება იქ, სადაც ლოცულობდნენ და მართლმადიდებელმა მრევლმა ილოცოს იქ, სადაც ლოცულობდნენ," - განაცხადა დეკანოზმა ბასილ გოგოტიშვილმა.

შეგახსენებთ, ვითარება ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში რამდენიმე დღის წინ დაიძაბა, მას შემდეგ, რაც ქრისტიანმა მოსახლეობამ მოითხოვა, რომ სოფელ ბუკნარში მუსლიმების სამლოცველო სახლი მეჩეთად არ გადაკეთდეს.

სოფელში მომხდარი დაპირისპირების გამო იქ საპოლიციო ძალები შეიყვანეს, რის შემდეგაც, მხარეებმა გუბერნიაში გადაინაცვლეს და პირველი შეხვედრაც გაიმართა. როგორც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, სოფელ ბუკნარის მუსლიმი მოსახლეობა რელიგიური რიტუალების ჩატარებას უსაფრთხოდ და შეუფერხებლად შეძლებს, დღეს კი მხარეებს შორის მორიგი შეხვედრა იმართება.

დღის ამბები